ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც მთლიანობაში 8,2 ჰექტარია, განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი და ჩატარდა მოვლითი ჭრის (გამოხშირვის) სამუშაოები.

პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში, ყოფილ ვარკეთილის მეურნეობაში ვიმყოფებით, სადაც მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება დასასვენებელი პარკი. არსებული სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მოუწესრიგებელი. პროექტის ფარგლებში, კეთდება სასეირნო ბილიკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი, პატარებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი. არსებული მრავაწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნებული იქნება, დაემატება ახალებიც. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ტერიტორიაა, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მოწყობა ერთ თვეში, ხოლო პროექტი სრულად წლის ბოლოს დასრულდება. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივებს ექნებათ ძალიან დიდი სივრცე დასვენებისთვის, ვარჯიშისა და განტვირთვისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ყველა რაიონში, ყველა უბანში, უნდა იყოს მსგავსი სივრცეები“, - განაცხადა მერმა.

2024 წელს სამუშაოები ჩატარდა 3.7 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ქსელი, განთავსდა საპარკო ავეჯი, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ასევე, სასმელი წყლის შადრევნები.

ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება დარჩენილ 4,5 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე. უკვე მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები და ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. გარდა ამისა, მოეწყობა კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტული და საბავშო სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა გამგეობამ ტყე-პარკთან მისასვლელი ახმეთ მელაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც განახორციელა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.

რეკრეაციული სივრცის აღდგენა 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს.

ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს