სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლმა" ბოლო 6 თვეში 1.15 მლნ ლარის ზარალი მიიღო. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კურორტის მფლობელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ განუცხადა, აღნიშნული კლება ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, "ბიოლის" მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, რადგან ქართველებში ველნეს კულტურა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.

"1-ელი ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, "ბიოლის" საოპერაციო მინუსი 1 150 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ შემცირებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვუკავშირებ. "ბიოლის" მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, რომელთათვისაც უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა "ბიოლში" შემცირდა. წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან არიან.

ჩვენი მთავარი მიმართულება ჯანმრთელობის რესურსების მართვაა, რაშიც სხვადასხვა სერვისი და მომსახურება შედის. ქართველები ჩვენთან ძირითადად დასასვენებლად და სასეირნოდ ამოდიან, ხოლო უცხოელები -  ველნეს მომსახურებების მისაღებად. ქართველებისთვის ველნესი სიგარეტის სუფთა ჰაერზე მოწევაა, საქართველოში ველნესის კულტურა ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ველნესის მიმართ ინტერესი აქვს, აღნიშნული სერვისის მიღებას უცხოეთში არჩევს. გარდა მენტალობისა, დღეს ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ველნესის მიმართულება განვითარდეს, მათ შორის ბუნება და წინაპრების დატოვებული მნიშვნელოვანი ტრადიციები”, - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

bp.ge