დაახლოებით ერთ თვეში ბაზარზე ქართული ტაქსის კომპანია „ვენიო“ გამოჩნდება, როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართული ტაქსის კომპანიის დაფუძნების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ თანხები ქვეყნიდან არ გავიდეს და ქვეყანაშივე დაიხარჯოს.
„ბაზარზე გამოჩენის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ოპერირებს, სრული მონოპოლია უჭირავს რუსულ კომპანიას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამხელა თანხა ქვეყნიდან არ გადიოდეს, ამიტომ შევქმენით ქართული კომპანია და გვსურს მივცეთ მძღოლებს საშუალება, რომ გამარტივებული პირობებით და დაბალი პროცენტით იმუშაონ.
ჩვენ ვთანამშრომლობთ „ვისოლ ჯგუფთან“, რომელიც ძალიან დაგვიდგა მხარში და ჩვენ კომპანიაში ჩართულ ტაქსის მძღოლებს საწვავზე ძალიან კარგ ფასდაკლებებს შესთავაზებს, ასევე ვთანამშრომლობთ „ვიანორთან“ რომელიც ასევე ფასდაკლებით მოემსახურება ჩვენ მძღოლებს და დაგვეხმარა კომპანია „ალფა“ რომელიც მძღოლებს სადაზღვევო პაკეტს შესთავაზებს“ - აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.
კომპანია „ვენიო“ ამ ეტაპზე მძღოლების მოძიების პროცესშია, როგორც ბასილაშვილი აცხადებს აპლიკაციის გასაშვებად კომპანიას გარკვეული რაოდენობის მძღოლები სჭირდება.
„ახლა ვართ მძღოლების მოძიების პროცესში, იმისათვის, რომ შევძლოთ აპლიკაციის გაშვება და მომხმარებელს შეუფერხებლად მოვემსახუროთ მძღოლების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, თუ არ გვეყოლება მძღოლები ეს დიდი დისკომფორტი იქნება მგზავრისთვის და ასევე კომპანიის იმიჯისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ, ვფიქრობთ რომ ეს პროცესი მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მაისი ბოლოს გვეყოლება მძღოლების ის რაოდენობა, რომ შეგვეძლება დავიწყოთ ოპერირება.
აპლიკაცია უკვე მზად არის, გადმოწერა შესაძლებელია, ასევე ვაპირებთ საიმიჯო ვიდეოს მომზადებასაც, ვცდილობთ რომ მალე მოვიკიდოთ ფეხი ბაზარზე და ჩავანაცვლოთ გლობალურად დიდი კომპანიები რომლებსაც დღეს საქართველოში მონოპოლია აქვთ.
მძღოლს შეუძლია, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იმუშაოს და ონალაინ დარეგისტრირდეს, ასევე გვაქვს ოფისიც თუ რომელიმე მათგანი რამეს ვერ გაიგებს, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დააკვალიანებენ.“ - აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციას, გიორგი ბასილაშვილი განმარტავს, რომ პროექტი პირადი ინვესტიციით ხორციელდება და არ სარგებლობს არანაირი გრანტით.
„ინვესტიცია სრულად პირადი ხარჯებით არის, ეს სრულიად ქართული პროექტია და არც ერთი თეთრი არ ურევია უცხოური, არ გვყავს ინვესტორი, რადგან თუ ინვესტორს მოვიძიებთ, მაშინ ქართული კომპანია აღარ გამოვდივართ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ის, რომ არ ჩავრთოთ არანაირი უცხოელი ინვესტორი და ამ თანხების მობილიზება საქართველოში მოვახდინოთ.
მძღოლების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, უკვე შერჩეული გვყავს გარკვეული რაოდენობა. გვინდა, რომ ამ საქმეში ბევრი მძღოლი დაგვიდგეს გვერდში, მოვახდინოთ კომპანიის პოპულარიზაცია და ამხელა თანხები ქვეყნის გარეთ აღარ გავა“ - აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.
კომპანია ამ ეტაპზე რვა ადამიანს ასაქმებს, ესენი არიან ოპერატორები და ადმინისტრაციული მენეჯერი, თუმცა ბასილაშვილი ფიქრობს, რომ კომპანია მალე გაიზრდება და ბაზარზე ფეხს მოიკიდებს.
თაკო კვაჭანტირაძე