რუსეთ- უკრაინის ომი ჩვენზე არ მოქმედებს, სინამდვილეში, შეიძლება, ითქვას, ამით ბევრ ფულს ვშოულობთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის შეიარაღებას შეერთებული შტატებისგან ფასდაკლების გარეშე ყიდულობს.

„რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენზე არ იმოქმედებს. ჩვენ აღჭურვილობას ევროკავშირზე ვყიდით. ისინი მას ისე იყენებენ, როგორც უნდათ. ვფიქრობ, ძირითად ნაწილს უკრაინას აძლევენ, მაგრამ ჩვენ ვყიდით. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გადასცა უკრაინას. ახლა, ამ ყველაფრით, ისინი შესანიშნავად იბრძვიან. იბრძვიან იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა გამოიყენოს აღჭურვილობა. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა. ვიღაცამ ის უნდა გამოიყენოს. სამწუხაროა, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩვენზე არ მოქმედებს. სინამდვილეში, შეიძლება, ითქვას, სრულ ფასს ვიღებთ. ფასდაკლებებს არ ვაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ამით ბევრ ფულს ვშოულობთ. არ მაინტერესებს. ეს არ მინდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ლიდერს და უკრაინის პრეზიდენტს ერთმანეთი სძულთ, ხოლო თავად კი ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მაშინ შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არასდროს დაიწყებოდა.

„ისინი ერთმანეთს უნდა შეეწყონ. ამ ორი ადამიანს ერთმანეთი სძულთ და ისინი ერთმანეთს უნდა შეეწყონ. ამიტომ მე ორივეს ვეწყობი. ისინი ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა და შეთანხმებასაც არ დავდებდი. ეს არ მოხდებოდა და არც პირველივე ვადაში მოხდა და არც მოხდებოდა. ეს ჩემი წასვლიდან სამი, ოთხი თვის შემდეგ მოხდა. მე ვთქვი: „ვაუ, ეს ბიჭები ამას აპირებენ“. ვერ დავიჯერე. ცუდი რაღაცეები ითქვა. სისულელეები ითქვა და ახლა, ალბათ, ორი მილიონი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, დაიღუპა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge