სპეკულაციასავით მიდის, რომ აი, გააიაფეს, გააიაფებინეს. არა, არ გაგვიიაფებია, დავუბრუნდით იმ ფასს, რაც იყო. რადგან უიმედოდ ვიყავით და სხვანაირად ვერ შევძლებდით, იანვარში ფასი მოვუმატეთ. ახლა, როცა არის მოლოდინი, რომ ნამდვილად რაღაც გამოსწორდება, კვერცხს ძველი ფასი დავუბრუნეთ, - ასე ეხმიანება საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი კვერცხის ფასის გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმას.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, სექტორს აქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ მნიშვნელოვანი საკითხები სასიკეთოდ შეიცვლება. კერძოდ, საუბარია ქათამსა და კვერცხზე არსებული 18%-იანი დღგ-ის შემცირებასა და ქსელური მარკეტებისთვის გარკვეული ზედა ზღვრების დაწესებაზე.

„სადღაც უკვე ნოემბერში დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ იმ მოცემულობით, რაც მაშინ არსებობდა, წარმოუდგენელი იყო ბიზნესის ნორმალურად წარმართვა. ყველა ის ფაქტორი, რაც თვითღირებულებას განსაზღვრავს, იყო ნეგატიური ერთის გარდა - საბედნიეროდ, ლარის კურსია ბოლო პერიოდში საკმაოდ მყარად. თუმცა, ვთქვით, რომ რადგან იყო დეფიციტი და არ ჩაგვთვლოდა, რომ ამით ვისარგებლეთ, ფასები არ გავზარდეთ. ახალ წელსა და აღდგომას ფასები არც არასოდეს მოგვიმატებია. იანვრის პირველივე სამუშაო დღეს ფასები გაიზარდა.

საერთოდ, 17 წელიწადია, ვსაუბრობთ ამ საკითხზე: 2008 წლიდან ქათმის კვერცხი და ხორცი განსხვავებულად იბეგრება. თუ გყავს მწყერი, ინდაური, სხვა ფრინველი, არანაირი დღგ, მაგრამ კონკრეტულად ქათამი - იბეგრება. გარდა ამისა, რაც ქსელური მარკეტები გაჩნდა, რაც კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ქეშბექები, შესვლის გადასახადი, რაღაცები, ყოველწლიურად მატულობს. რა ციფრებზეა საუბარი, კომერციული საკითხია, არ მაქვს გაჟღერების უფლება, მაგრამ ფაქტი ეს არის. წამოვიდა ამაზეც საუბარი, რომ რითეილ სექტორსაც რაღაც ზედა ზღვარი დაუწესდება. ესეც ოპტიმიზმის საფუძველი.

2008 წლიდან მოყოლებული არაერთხელ ვიყავით ფინანსთა სამინისტროში იმ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს, არაფერი სანუგეშო არ ყოფილა. პრემიერთან შეხვედრისას კი კვლავ გაჩნდა შესაძლებლობა, კომპანიების დირექტორებს გულისტკივილი გამოეთქვათ დღგ-თან მიმართებაში. გასაკვირი ის არის, რომ ირაკლი კობახიძე საქმის კურსში იყო, განსხვავებით წინა პრემიერებისგან. შევთავაზეთ, რომ თუ მთლიანად არ გვიხსნით დღგ-ს, მოდით, მივბაძოთ ევროპული ქვეყნების მაგალითს და ყველა ის სასურსათო პროდუქცია, რომელიც სავალდებულოა, რომ ადამიანმა მიიღოს, განსხვავებულად დავბეგროთ. აღმოჩნდა, რომ პრემიერს ამაზეც ნამუშევარი ჰქონდა და საკითხზე მუშაობა ახლაც მიდის. არ ვიცი, რა შედეგი დადგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი, რომ დღგ დაიწიოს, არსებობს“, - აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ მაგალითად, სამშენებლო მასალა და პური, რძე და კვერცხი ერთნაირად - 18%-ით არ უნდა იბეგრებოდეს.

„თუნდაც გერმანია ავიღოთ, 4 და 5%-ია სასურსათო პროდუქციაზე ბეგარა. მოდი, თუ მაინცდამაინც უნდა დავიბეგროთ, ნუ იქნება სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის ტარიფი.

და კი, ჩვენ ვიყავით ცუდი გაგებით პირველი მერცხლები, რომ იანვარში გავაძვირეთ პროდუქცია, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა, მაგრამ ამ ორი პოზიტიური ნაბიჯიდან, რომელიც დავინახეთ და რომელზეც მთავრობა მუშაობს, შეიძლება ხვალ და ზეგ ნათელი წერტილი გამოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგვეკეთებინა შემხვედრი ნაბიჯი - არ გაგვიიაფებია, დავუბრუნდით იმ ფასს, რაც იყო“, - აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.