გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 233 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველა შესაბამისი მასალა შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში უკვე გადაიგზავნა.
მოხსენების მიხედვით, უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო რაოდენობამ 484 კილოგრამს გადააჭარბა. ბრაკონიერები, ძირითადად, იყენებდნენ სახლართის ტიპის ბადეებსა და ელექტროიარაღს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
დეპარტამენრტის ცნობით, მიმდინარე წლის 7 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 1 200 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 32 ერთეული ე.წ. ოჩხი.
უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 153