გაზაფხულის აქციების მსგავსად, პოლიტიკაში ბიზნესის ჩარევის მცდელობა მიმდინარე პერიოდშიც გამოიკვეთა. როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, კერძო სექტორზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რათა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველას, კერძო სექტორსაც აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზეწოლა და წნეხი დაუშვებელია.
„ლიბერალური-ფაშიზმი თუ რამეს თავს დაესხა, პირველ რიგში, ეს იყო ბიზნესი, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. „ქოლ-ცენტრებს" ამუშავებდნენ. კონკრეტულ სპორტსმენს მიუვიდა ათასამდე „მესიჯი", ხმოვანი შეტყობინება - „ფეისბუქზე", „ვოტსაპზე" და სხვა საშუალებებზე. იგივე ხდებოდა ბიზნესთან მიმართებით. მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბიზნესს მიმართავს და პროტესტის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„რა ხდება შიგნით? მოქალაქეებზე ვსაუბრობ, რომლებიც უმნიშვნელოვანესი წყაროა ყველაფრისთვის, მათ შორის ბიზნესისთვის. ეს პროტესტი, რომელიც მოსახლეობას არჩევნების შედეგების მიმართ აქვს... უამრავი სარჩელია დაწერილი და ამ არჩევნების ლეგიტიმურობაზე მე კითხვის ნიშანი არ მრჩება. მთავარი ვინც არჩევნები უნდა აღიაროს ხალხია, რომლებიც დღეს ქუჩაშია გასული.
სულ რომ ყველას სჯეროდეს, რომ მანამდე „ქართული ოცნება" ევროკავშირში შესვლას აპირებდა დღეს ხომ ცხადია, რომ არ აპირებს. ეს მუხტი და ადამიანების რაოდენობა ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული და გავანებოთ თავი ოპოზიცია-პოზიციას. სად მიდის ეს ბრაზი? შენ მე მიჭერ, მცემ, სასამართლოში მივდივარ და სამართალს ვერ ვპოულობ, შენი სისტემა მატერორებს, არანაირი გასაქანი ჩვენს ბრაზს გარდა იმისა რომ ქუჩაში გამოვიდეთ, არ აქვს.
ადამიანები, რომლებიც მაშხალებს ისვრიან და რობოკოპებს ებრძვიან, მათ ვერ შეაჩერებ... ისინი თავისი რესურსით ყიდულობენ მაშხალებს...
მინდა ბიზნესს მივმართო - არ გაქვთ იმუნიტეტი... ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, სადაც ძალიან ცხადად ემიჯნებიან „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა. კულუარებში გარანტიებს რომ იღებდნენ იანვრამდე გვაცადეთო, ისინიც ხომ მოტყუვდნენ.
დროა, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ სეგმენტმაც აიღოს და რაც უფრო დიდხანს გაჭიმავენ დროს და პროტესტს არ გამოხატავენ, მით უფრო დაზარალდება თვითონ ბიზნეს, რადგან ეს ტრენდი, რომელიც ლარის კურსშიც გამოიხატება არსად წავა, სანამ ახალი არჩევნები არ გამოცხადდება", - მიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მარინა გულედანმა.
კერძო სექტორზე ზეწოლის შესახებ მთავრობა გაზაფხულის აქციების დროსაც საუბრობდა. მაშინ ითქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ბიზნესის ნაწილი ჩაერთო, ნაწილი კი - არა. როგორც „ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ახლაც მსგავსად ვითარდება მოვლენები და ზეწოლა კიდევ გაგრძელდება.
„საერთოდ, კერძო სექტორს არავინ უკრძალავს პოლიტიკური განცხადებების კეთებას. თქვენ წარმოიდგინეთ, არც საჯარო სექტორს, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია და აქვთ ამის უფლება. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ნებისმიერ ადამინს შეუძლია გამოთქვას თავისი მოსაზრება.
ბიზნესზე ზეწოლა იყო გაზაფხულის თვეებშიც გამჭვირვალობის კანონზე განხილვის პერიოდში. ეს ხდებობდა არა მხოლოდ კერძო ბიზნესზე, არამედ საჯარო სამსახურებში თანამდებობის პირებზე, უცხო გრატებში მონაწილეებზე, პატარა ენჯეოებზე, ვისაც მცირედი გრანტი მაინც აუღია უცხოეთიდან. მათზე ზეწოლის კამპანია მიმდინარეობდა, რომ გაეკეთებინათ საპროტესტო განცხადება და ზუსტად იგივე ხდება დღესაც.
როდესაც მამუკა ხაზარაძის და „ლელოს" პიარი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კერძო ბიზნესი განცხადებებით გამოდის და თან მოუწოდებს პროტესტისკენ, რა თქმა უნდა, აქ იკითხება ქვეტექსტი, რომ სწორედ ისინი საუბრობენ ბიზნესთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამუკა ხაზარაძე ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ასევე საბჭოში შედოდა ბადრი ჯაფარიძე. ბუნებრივია, მათ თავიანთი წრეც ეყოლებათ და გავლენაც ექნებათ.
ვინც „ნაცები" არიან, ჭყონია და სხვები, ისედაც ვიცით. ვიღაცამ ვერ გაუძლო ცდუნებას, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაცამ ორაზროვანი განცხადება გააკეთა და ა.შ. ამათ ქვეყანა ჯოჯიხეთის გზით მიჰყავთ, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ამ ოპოზიციას ახლა მართლა უნდა ჩაუტარო ვადამდელი არჩევნები და პარლამენტში 10 კაცსაც რომ ვეღარ შეიყვანენ, ნახავენ საკუთარი თვალით. თუ კი ვინმე არ იყო ჩვენი მხარდაჭერი, ისინიც კი ხვდებიან ყველაფერს.
ბიზნესზე ზეწოლა კიდევ გაგრძელდება. ამას ნერვების ომი ჰქვია და ამას აუცილებლად გავუძლებთ. ამ წნეხს ბიზნესიც გაუძლებს და სამოქალაქო საზოგადოებაც. ნებისმიერ ადამიანზე მიდის წნეხი, ბულინგი. ამ დროს უნდა იყო ძლიერი და მყარი, რომ არ გახდე ვიღაცის სათამაშო. რომელი ბიზნესი გახდება უსინდისო და უთავმოყვარეო, ეს თავად გადაწყვიტონ", - ამბობსს ჩიბურდანიძე.
ეკონომისტების განცხადებით, ისე, როგორც ყველას, ბიზნესსაც აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსრების უფლება, ხოლო თუ ზეწოლის ფაქტზე მთავრობას ინფორმაცია აქვს, მაშინ, შესაბამისმა ორგანიებმა გამოძიება უნდა აწარმოონ, რადგან ეს დანაშაულია.
აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის შეფასებით, კერძო სექტორის შევიწროვება და ზეწოლა დანაშაულია.
„ბიზნესის და პოლიტიკის გამიჯვნა ცოტა რთულია, რადგან კერძო სექტორი არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ტარდება ქვეყანაში. თუ რომელიმე ბიზნეს ორგანიზაცია ან ბიზნეს სუბიექტი კონკრეტულ და მკაფიო განცხადებას დააფიქსირებს, თუ როგორ გარემოში სურს საქმის კეთება, არ მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკაში ჩარევაა კერძო სექტროს მხრიდან.
მე პირადად არ მინახვას, რომ ვინმეს რაიმე ტიპის ზეწოლა მოეხდინოს ბიზნესზე. თუ მსგავსი რამ არსებობს და რაიმე ტიპის ზეწოლაზე აქვს პრემიერს ინფორმაცია, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები და უნდა იმოქმედონ, რადგან კერძო სექტორის შევიწროვება და ზეწოლა დანაშაულია და მას სჭირდება შესაბამისი გამოძიება", -ამბობს პაატა ბაირახტარი.
წყარო: რეზონანსი