“ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლებისთვის (სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლების საქმიანობა) სავალდებულო დაზღვევის მოდელი იცვლება.
კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას ყველა რისკის შემცველი მომსახურების მიმწოდებლებისათვის, ხოლო დადგენილებით უნდა განსაზღვრულიყო აგრეთვე ის მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებსაც შეეხებოდათ ცალკე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება, თუ რომელი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი დაექვემდებარება სავალდებულო პროფესიულ ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას, ან ორივე სახის დაზღვევას ერთად.
კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების” დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ეს მცირე ზომის სუბიექტებისა და ინდივიდუალური გამყოლებისთვის ამცირებს სადაზღვევო პრემიის ყოველწლიურ ხარჯს. მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა: რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლებს საშუალებას მისცემს დააზღვიონ მესამე პირის წინაშე ზოგადი პასუხისმგებლობა (მაგ. ტურის დროს მესამე პირის ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება), რაც მათთვის საოპერაციო ხარჯს უფრო პროგნოზირებადს ხდის.
“იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის დადგენილებით კონკრეტულ მაღალი რისკის ტურებზე (მაგ. ალპინიზმი, ჰელი-სკი) მოითხოვება ორივე პოლისის ერთდროული ფლობა, ეს გამოიწვევს ფიქსირებული ხარჯების ზრდას ბიზნესისთვის, ვინაიდან სუბიექტს მოუწევს ორმაგი სადაზღვევო პრემიის გადახდა, რაც აისახება ტურისტული პროდუქტის საბოლოო თვითღირებულებაზე.
პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ჯარიმა ასევე მოიცავს სერტიფიკატის არქონის ჯარიმას, ვინაიდან დაზღვევა წარმოადგენს ვალიდური სერტიფიკატის ფლობის წინაპირობას. ხოლო ჯარიმა დარღვევისთვის განისაზღვრება 3000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - 6000 ლარის ოდენობით.
სადაზღვევო ბაზრისთვის იზრდება მოთხოვნა სპეციფიკურ, მაღალრისკიან პროფესიულ დაზღვევებზე. ვინაიდან კანონი მკაფიოდ სთხოვს სუბიექტებს პოლისის ქონას, სადაზღვევო კომპანიები მიიღებენ დამატებით ფინანსურ შემოსავალს (პრემიების სახით) ტურიზმის სექტორიდან. ეს საშუალებას აძლევს სადაზღვევო კომპანიებს შექმნან კომბინირებული (პაკეტური) პროდუქტები, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და ფინანსურ ბრუნვას”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სიახლეა ისიც, რომ ტურიზმის კანონში ცვლილებათა ახალი პაკეტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება ეხება იმ რეგულაციების ცვლილებებს, რომელთა ამოქმედების თარიღად, მოქმედი „ტურიზმის შესახებ“ კანონით 2026 წლის 1 ივნისია განსაზღვრული, პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.