ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა ბნელი, გადახრუკული პლანეტა, რომელიც მთვარეს ან მერკურის წააგავს, მაგრამ დედამიწაზე დაახლოებით 30 პროცენტით დიდია.

ეგზოპლანეტა, სახელად LHS 3844b ასტრონომებმა პირველად 2018 წელს აღწერეს. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 50 სინათლის წლის მანძილზე. მოძრაობს 11-საათიან ორბიტაზე წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მასითა და ზომით ჩვენი მზის მხოლოდ მეხუთედია.

ვინაიდან ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო ასე ახლო მანძილიდან მოძრაობს — მზის დიამეტრის მხოლოდ მესამედი მანძილიდან — ვარსკვლავის რადიაცია მას ნებისმიერი სახის ატმოსფეროს გააცლიდა და დატოვებდა მოშიშვლებულ, კლდოვან სხეულად.

ასეთი სიახლოვის გამო, ის მოქცევითად ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით, სამუდამო წყვდიადშია გახვეული.

მუდმივი დღის მხარეს ტემპერატურა 1300 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.

წინა კვლევებში ასტრონომებმა შენიშნეს, რომ LHS 3844b-ს დედამიწის ქერქის მსგავსი ტექტონიკური აქტივობის ნიშნები აქვს — პირველი ამ სახის აქტივობა მზის სისტემის მიღმა. თუმცა, ახლო დაკვირვებები სხვა რამეზე მეტყველებს.

მკვლევრები პლანეტას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა-ინფრაწითელი ინსტრუმენტით (MIRI) დააკვირდნენ შუა-ინფრაწითელ სინათლეში.

თუმცა, ჩვენს ყველაზე მძლავრ კოსმოსურ ტელესკოპსაც კი არ ძალუძს მისი ბნელი მხარის დანახვა. ამის ნაცვლად, ვები პლანეტის ინფრაწითელი გამოსხივების ნაწილს დააკვირდა სპექტრის მიღების მიზნით.

ვინაიდან ატმოსფეროს შემადგენელი თითოეული ელემენტი და ნაერთი სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეს შთანთქავს და გამოყოფს, ციური სხეულის სპექტრის განსაზღვრის საფუძველზე, ასტრონომები ადგენენ, რისგან შედგება ის.

ამის საფუძველზე ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ LHS 3844b-ის ზედაპირი შეიძლება წააგავდეს მთვარის ან დედამიწის ბაზალტს — ვულკანურ ქანს, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა მაგნიუმით და რკინით მდიდარი ლავა სწრაფად მყარდება.

ის ასევე შეიძლება უფრო წააგავდეს დედამიწის მანტიას (რომელიც ასევე მდიდარია ამ ელემენტებით), ვიდრე თხელ ქერქს, რომელიც ჩვენს პლანეტას ვაშლის ქერქივით აკრავს გარს.

ეს კი მიუთითებს ეგზოპლანეტის წიაღის ორ შესაძლო სცენარზე. პირველი — შეიძლება შედგებოდეს ბოლო პერიოდში წარმოქმნილი კლდოვანი ფილებისგან, რაც მიუთითებს, რომ LHS 3844b გეოლოგიურად აქტიურია, ალბათ ვულკანური პროცესების გამო.

მეორე — ის შეიძლება მკვდარი იყოს, რადიაციისგან გადარეცხილი, რეგოლითით დაფარული პლანეტა, რომელსაც ატმოსფერო არ აქვს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, მას დედამიწის მსგავსი სილიკატური ქერქი არ აქვს.

„შეიძლება დავასკვნათ, რომ დედამიწის მსგავსი ფილების ტექტონიკა ამ პლანეტაზე არ არის ან არაეფექტიანია. სავარაუდოდ, ამ პლანეტაზე ძალიან ცოტა წყალია“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევარი სებასტიან ზიება.

საინტერესოა, ის მკვდარი პლანეტაა თუ ცოცხალი? (გეოლოგიური თვალსაზრისით). პასუხის გასაცემად, მკვლევრებმა მზის სისტემაში არსებული ვითარება გამოიყენეს. ჩვენს პლანეტაზე და მზის სისტემის სხვა ობიექტებზე, მაგალითად, იუპიტერის მთვარე იოზე, ვულკანურ აქტივობას თან ახლავს ნახშირორჟანგის გამოყოფა.

თუმცა, ჯეიმს ვებმა ვულკანური აქტივობის კვალი ვერ დააფიქსირა, რაც მიუთითებს, რომ LHS 3844b არააქტიური პლანეტაა, რომლის კარგმა დღეებმა უკვე ჩაიარა და სავარაუდოდ, ძლიერ დაემსგავსა ჩვენს პატარა მეზობელ მერკურის.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, მკვლევრებმა უკვე მოითხოვეს ჯეიმს ვების ტელესკოპით დაკვირვების დამატებითი დრო.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი