2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.8 პროცენტი.