საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის 17 იანვარს, ბაზარზე მოქმედი კომპანი(ებ)ის მომართვის საფუძველზე თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობის, წილობრივი განაწილების, კონცენტრაციის ინდექსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ კონკურენტული ბაზარი შეაფასა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტები.
,,აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ფილტრიანი სიგარეტების იმპორტი 2022-2023 წლებში, როგორც რაოდენობრივ, ისე ღირებულებით ჭრილში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 22 მილიონი კოლოფით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობა.
შესწავლის პერიოდში, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, საქართველოში, 18 დასახელების 5 ბრენდის ფილტრიანი სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, რომელთაგან განმცხადებელი ყურადღებას ამახვილებდა ორ ბრენდზე. განცხადებაში შესწავლის ობიექტის მსგავსი პროდუქტის ნორმალური ღირებულება წარმოდგენილი იყო კვლევითი კომპანია „გამმა“-ს მიერ აზერბაიჯანის შიდა ბაზარზე საცალო-სარეალიზაციო ფასების დადგენის საფუძველზე, რომელიც გადასახადების, ინდუსტრიის ხარჯებისა და გონივრული მოგების მარჟის გამოკლებით დაკორექტირდა EXW დონეზე.
საექსპორტო ფასის განსაზღვრის პროცესში სააგენტოს დაადგინა, რომ შერჩეული 4 ბრენდის საშუალო შეწონილი საინვოისო ღირებულება ერთ კოლოფ სიგარეტზე 0.77 ლარს უტოლდებოდა. იმავე საქონლისთვის ნორმალური ღირებულება იმპორტირებული რაოდენობების შესაბამისად შეწონილი საშუალო სიდიდე ვაჭრობის იმავე, შესადარ დონეზე შეადგენდა 2,19 ლარს, შესაბამისად, შესწავლის პერიოდში აღნიშნულ პროდუქტებზე დემპინგური ზღვარი შეადგენდა 181,4%-ს.
დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების საფრთხისა და მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენის პროცესში დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, საქართველოში, შესწავლის ობიექტის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ინდუსტრიის ზიანი, როგორც რაოდენობრივ, ასევე საფასო მაჩვენებლებში იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის განცხადების საფუძველზე ანტიდემპინგური შესწავლა დაიწყო და აღნიშნულზე საჯარო შეტყობინება გამოაქვეყნა. განმცხადებლის მიერ, განცხადების გამოთხოვის საფუძვლით, ანტიდემპინგური შესწავლა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის თაობაზე შეწყდა",- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.