საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000–18 000 ტონას მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, საექსპორტო ფასი შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება.

მისივე თქმით, გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და პროცესი სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს. თანდათანობით რეალიზდება ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებსაც და აღნიშნა, რომ ატმისა და ვაშლატამას წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამ მიმართულებით სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა.

გარდა ამისა, იგეგმება სპეციალური ღონისძიებების გატარება ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გავრცელების კუთხით, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და უკეთესი გასაღების ბაზრების მოძიებას უზრუნველყოფს.