ქართული ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია გრძელდება. იანვარ-თებერვალში პროდუქციის ექსპორტმა 16.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 60%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დარგში რთული ვითარება გრძელდება და გლობალურად ფასები კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულზე ფასების ზრდის და ელექტროენერგიის გაიაფების მოლოდინია, რამაც დარგი შედარებით უნდა გამოაცოცხლოს.
ამასთან, როგორც ნუგზარ კევლიშვილი BMG-სთან აცხადებს, სექტორისთვის დამაიმედებელია აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ფოლადზე და ალუმინზე, რამაც ქართულ ფეროშენადნობებზე ამ ბაზარზე მოთხოვნა უნდა გაზარდოს.
„ფეროშენადნობების ბაზარზე კვლავ მძიმე სიტუაციაა, კრიზისის დასრულებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. იმედს გვაძლევს ის, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის საწარმოში საწარმოო პროცესი განაახლა, შესაბამისად, მომდევნო თვეებში ექსპორტის ზრდას უნდა ველოდეთ. ჩემი აზრით, გაზაფხულის პერიოდში ფეროშენადნობებზე ფასმაც უნდა მოიმატოს. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურებიდან შედარებით იაფი ელექტროენერგიაა ხოლმე, შესაძლოა, რომ საწარმოებმა მოცულობები გაზარდონ. ვინც გაჩერებულია, მათ ჩართვა სცადონ.
ასევე პოზიტიური შეიძლება ის იყოს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული გადასახადები იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე, აშშ-ს შიდა ბაზარს წაახალისებს, მეტალის შიდა წარმოებას გაზრდის. შტატებში ფეროსილიკონ მანგანუმის წარმოება იმ მოცულობით არ ხდება, რაც სჭირდებათ. შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, ამერიკის ბაზარზე უფრო სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილები და უფრო მსხვილი ექსპორტი განხორციელდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.