Tbilisi Open Air 2025 - სპეციალური გამოშვებით. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთი წლით სახეს იცვლის, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორგანიზატორები წერენ, რომ Open Air არის ფესტივალი, სადაც ყველას ხმა ისმის და სადაც სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი Tbilisi Open Air განსხვავებულ ფორმატში ჩაატარონ.
ფესტივალი 24-25 მაისს Lisi Wonderland-ში ჩატარდება. წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი კი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში.
"Tbilisi Open Air-ის ეს სპეციალური გამოშვება არ იქნება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. წლევანდელ Open Air-ს ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ: ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
24-25 მაისს წინ ორი ყველაზე ქართული დღე გველოდება - ერთად შევხვდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალხმიანი შემადგენლობით", - წერია განცხადებაში.