2024 წლის წინასწარი მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ზრდა, აზარტული თამაშების გამოკლებით მხოლოდ 4.8%-ია, - ამის შესახებ IDFI ახალ პუბლიკაციაში წერს.

„აზარტული თამაშების კონტრიბუციას ქვეყნის ბიზნეს სექტორის სტატისტიკურ მაჩვენებლებში ისტორიულად მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებია სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი ჯამურ მონაცემზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. კერძოდ, მხოლოდ გასულ წელს წინასწარი მონაცემებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის ოფიციალურ სტატისტიკაში სექტორის წილი 34%-ს გაუტოლდა. ეს კი იმ ფონზე, რომ სათამაშო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლების დათვლის მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სექტორების ბრუნვის დათვლის მეთოდოლოგიისგან. კერძოდ, 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ამჟამად არსებული მეთოდოლოგიით, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა.

განსხვავებული მიდგომით აღრიცხვიანობის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორის 2018 წლის ბრუნვის მაჩვენებელი არ არის შესადარისი წინა პერიოდის მონაცემებთან, ამასთან, წინა პერიოდის მონაცემთა გადაანგარიშება ტექნიკურად ვერ ხერხდება, შესაბამის მონაცემთა არარსებობის გამო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია სწორედ აზარტულ თამაშებს ჰქონდათ - სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორსაც კი უტოლდება.

აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების მაჩვენებლის გამოკლებით, ოფიციალური სტატისტიკა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის და მაგალითად 2023 წელს, ზრდა არა 12.5%, არამედ 8.8% იქნებოდა, 2020 წელს კი ზრდის ნაცვლად კლება დაფიქსირდებოდა. 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ზრდა, აზარტული თამაშების გამოკლებით მხოლოდ 4.8%-ია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 2020 წლის გარდა, ყველაზე დაბალი შედეგია,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.