ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვაჭრობაში უმთავრესი წილი იმპორტზე მოდის. იმპორტი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 39%-ით გაიზარდა და 241.5 მილიონი დოლარი შეადგინა. სატვირთო მანქანების, სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის, ასევე ძრავის ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორი ,,ჯი-თი გრუპი” ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც საქართველოში ჩინეთიდან საქონელი შემოაქვთ. საქსტატის ინფორმაციით ,,ჯი-თი გრუპი” იმპორტიორი კომპანიების ტოპ ათეულში შედის.

,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რატომ გახდა ჩინეთი მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში არსებული კომპანიებისთვის. კითხვებით ”ჯი-თი გრუპს”  მივმართეთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინეთთან პარტნიორობა 2023 წლიდან გააძლიერეს. სწორედ ამ წელს გახდა კომპანია ჩინური ბრენდების SHACMAN-ისა და SAGMATO-ს პარტნიორი საქართველოში და მათი ექსკლუზიური წარმომადგენელი.

,,ჯი-თი გრუპის საქმიანობის მთავარი სფერო სწორედ საავტომობილო ინდუსტრიაა და ექსკლუზიურად წარმოადგენს რამდენიმე წამყვან ევროპულ ბრენდს, თუმცა 2023 წლიდან ჩვენ ასევე გავხდით ჩინური ბრენდების SHACMAN-ისა და SAGMATO-ს პარტნიორი საქართველოში და ექსკლუზიურად წარმოვადგენთ მათ კომერციულ ავტომობილებს. 2023 წლის შემდგომ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ჩინური პროდუქციის, ამ შემთხვევაში კომერციული ავტომობილების, მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.’’- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიამ ჩინეთთან პარტნიორობა პანდემიის შემდეგ პერიოდში დაიწყო, რადგან ევროპული კომერციული ავტომობილების წარმოების ვადები გახანგრძლივდა და ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ,,შედეგად ბაზარზე გაჩნდა შედარებით ბიუჯეტური პროდუქტების მოთხოვნა, რომლის მოწოდებაც გონივრულ ვადებთან იქნებოდა დაკავშირებული.ჯი-თი გრუპი დაარსების დღიდან წარმოადგენს მხოლოდ ევროპულ ბრენდებს, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია, ჩინური ბრენდების მომხმარებლებისათვის შეთავაზება ჯი-თი გრუპის ერთ-ერთი დამატებითი მიმართულებაა.’’- აცხადებენ კომპანიაში.

,,ჯი-თი გრუპს’’ ვკითხეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი უფრო მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორია ვიდრე სხვა ქვეყნები და სხვა ბაზრები? კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმებიან, რადგან ყველა ბაზარს საკუთარი ნიშა უჭირავს საქართველოში.

,,ასეთ ფორმულირებას: „ჩინეთი უფრო მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორი“ - ვერ დავეთანხმებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ევროპელ და თურქ, ასევე ჩინელ მწარმოებლებთან. ყველა მათგანს საკუთარი ნიშა უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ჩვენი კომპანია ცდილობს მაქსიმალურად დაფაროს ყველა სეგმენტის საჭიროება. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ როგორც ევროპულ, შედარებით მაღალ ბიუჯეტიან ტექნიკას, ასევე ჩინურ ბრენდებს, რომელთა ხარისხი და ფასი მისაღებია მომხმარებელთათვის.’’- აცხადებენ კომპანიაში.