ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ქართული ყველის“ პროექტის პირველი ეტაპის, დავიწყებული და დაკარგული ქართული ყველის სახეობების გაცოცხლების და ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპს - „ქარხანა ბორბლებზე“ იწყებს, რომელიც რძის და რძის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. მისი თქმით, პროექტის დაწყების მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე რძის და რძის პროდუქტების დაბალი ხარისხია.

„ეს პროექტი გამოიწვია იმან, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა სექტორში. ეს სფერო ძალიან დახია უკან პანდემიამ. მოხდა ისე, რომ მესაქონლეობას გაუჭირდა, გაიზარდა ფხვნილის რძის შემოდინება და რაც დარჩა ნატურალური რძე, არაა კეთილსაიმედო, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის ფერმერობა უძღვება რძის მოპოვებას და ხშირია ამ რძის მომპოვებელთა შორის უდიერი დამოკიდებულება (ცხადია, ეს ყველაზე არ ეხება). სექტორში ანტისანიტარიის ძალიან სერიოზული გამოვლინებებია და ეს მოქმედებს რძის ხარისხზე“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ არასდროს არ დასვა რძის დიფერენცირების საკითხი, რაც პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს და მეწარმეებსაც.

„სახელმწიფომ გააკეთა არაჩვეულებრივი რძის რეგლამენტი, რასაც ყველანი მივესალმებით, გააკეთა დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლება, რასაც ასევე მივესალმებით, მაგრამ არ დადგა საკითხი რძის ხარისხთან დაკავშირებით, ანუ იმის გასარკვევად - რომელი ხარისხის რძეს მოვიხმართ მეყველეები და მომხმარებლები.

ამას გარდა, კატასტროფული მიდგომაა რძის ფასთან დაკავშირებით - ზაფხულის და ზამთრის ფასი სხვადასხვაა - ასეთი ველური მიდგომა არსად არაა. ზაფხულში მწვანე ბალახი წამოვა და მეტობაა რძის და ფასი ეცემა და ზამთარში - ნაკლებობაა და რძე ძვირდება. ეს მოქმედებს ბაზარზე და მეყველეების შემოსავალზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ პროექტ „ქართული ყველის“ მეორე ეტაპი დავიწყოთ, სადაც ყველის და რძის პროდუქტების მწარმოებლებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმარებით,“ - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

როგორც ანა მიქაძე გვიყვება, პროექტის მიზანია ყველის და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ასწავლონ როგორ გააჯანსაღონ პროდუქცია, როგორ დაიცვან ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის ნორმები, რომ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი შექმნან.

„ჩვენი გამოწვევაა ძალიან თბილად, ყურადღებით, ზედმეტი თავის გადამეტების გარეშე, წვრილმა ფერმერებმა და ექსპერტებმა, რძის გაჯანსაღებაზე ერთად ვიზრუნოთ. მეტი აქცენტი იქნება წვრილ მეწარმეებს იმიტომ, რომ მათი შემოწმება ისეთი ინტენსივობით არ ხდება, როგორც, მაგალითად, ნიკა ბენიანიძის შემოწმება, რომელსაც საშუალოზე დიდი საწარმო აქვს სამგორში.

ჩვენი მიზანია, რომ ხარისხი ამაღლდეს, სურსათის უვნებლობის ყველა ნორმა იყოს დაცული და მეწარმეებმა თვითმომართვიანობა ისწავლონ და თავისი მენტალობიდან გამომდინარე მათსავე  ინტერესში იყოს ხარისხის დაცვა,“- აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

მისი თქმით, პროექტი 3-წლიანია. „ქარხანა ბორბლებით“ პირველ წელს ყველა წვრილ მეწარმესთან ჩავა და ერთგვარ აღწერას გააკეთებ - სად რა მდგომარეობაა და რა სჭირდება.

„1 წლის თავზე ყველას ხელში ეჭირება პროექტი და ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა მიმართულებით დაიწყებენ თანხების მოძიებას. სადაც არ იქნება საშუალება რომ საწარმო ააშენონ, იმ კონცეფციას ვაჩუქებთ, რომელიც თავად გვაქვს. ეს არის ერთგვარი ბორბლიანი ლაფეტი, სადაც შეიძლება შეიქმნას საველე საოპერაციო ოთახი. გასათვალისწინებელია, რომ ყველს სადაც აკეთებენ, იქ ბუზი არ უნდა ჭაჭანებდეს, წყალი ინტენსიურად უნდა იყოს და აუცილებელია სტერილური გარემოს არსებობა. ჩვენ არა მხოლოდ დარღვევებს აღმოვაჩენთ, მთავარი ისაა, რომ ვასწავლით ხარისხი როგორ გავაუმჯობესოთ.

არავითარ შემთხვევაში არავის მათზე ინფორმაციას არ მივაწვდით. არ ვაპირებ, რომ ვინმე ვამხილოთ, რომ ცუდი პირობები აქვს. ჩვენი მიზანია ერთად მოვიფიქროთ რძის და რძის პროდუქტების ცუდი ხარისხი როგორ გავაუმჯობესოთ. მერე როცა ხარისხი გაუმჯობესდება, თვითონ უნდა გამოიძახონ ლაბორატორია, თვითონ იზრუნონ ხარისხზე, გაერკვნენ სად ხდება გრანტების მოძიება და ა.შ.“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ პროექტი საკუთარი სახსრებით დაიწყო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი საერთაშორისო და სახელმწიფო პროგრამასთან აქვს სრული გარანტია, რომ მის დაფინანსებაში დაეხმარებიან.

„ამ ეტაპზე „ქარხანა ბორბლებზე“ ჩემი განაცხადია. ამ პროექტით სერიოზულ სარგებელს მივიღებ და მეწარმეებიც და მომხმარებელიც ისარგებლებენ“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.