„ინდორამა კავკასიის“ დირექტორის ლევან ბურდილაძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გადაზიდვებში შექმნილი შეფერხებებს, ქართული წარმოების აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში აქტიური საგაზაფხულო სამუშაოების სეზონზე კომპანია ადგილობრივ და ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვებზეა ორიენტირებული და აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ექსპორტს არ ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და ლოგისტიკური ხაზების ცვლილებას მათი გადაზიდვები არ შეუფერხებია. მისივე ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო აზოტოვანი სასუქების საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირედით გაიზარდა.
„ჩვენზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ჯერჯერობით გავლენა არ ჰქონია. ამის მიზეზი ის არის, რომ ახლა ევროკავშირში სოფლის მეურნეობაში აქტიური სამუშაოების სეზონია და ამ პერიოდში ყოველთვის პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებზე ვფოკუსირდებოდით. ჩვენთვის ევროკავშირის ქვეყნები სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზრებია. ამასთან, საქართველოში სოფლის მეურნეობაში სამუშაოების სეზონი ევროკავშირის ქვეყნების სეზონს ემთხვევა და ახლა ჩვენ პრინციპში, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე ვაკეთებთ აქცენტს. ტრადიციულად ასე ხდება.
ჩვენს პროდუქციას, ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ვაწვდით, ასე რომ ამას ჩვენზე რაიმე გავლენა ჯერჯერობით არ ჰქონია. იმედია, სეზონი სანამ დასრულდება საქართველოსა და სრულდება ევროპის ქვეყნებში, მანამდე ეს ამბავიც უნდა დასრულდეს, წესით.
საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში როცა სრულდება სეზონი, შემდეგ ცენტრალური ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებზე ვერთვებით ხოლმე.
თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დიდხანს არ გაგრძელდა, მაშინ მე ვერ ვხედავ რაიმე, დავუშვათ, საფრთხეს ან საშიშროებას, რომ ამან ჩვენს წარმოებაზე და ლოგისტიკაზე რაღაცა გავლენა იქონიოს. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ დიდხანს არ გაგრძელდა“, - განაცხადა ლევან ბურდილაძემ.
„ინდორამა კავკასიის“ დირექტორი განმარტავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კონკურენციას აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მიმწოდებლები უწევენ, შესაბამისად ლოგისტიკურ შეფერხებებს, მათი პროდუქტის მოთხოვნა არ გაუზრდია.
„საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასებმა ოდნავ მოიმატა, რადგან გარკვეულ მწარმოებლებს, რომლებიც არაევროპულ ქვეყნებზე იყვნენ ორიენტირებულები, მათ გადაზიდვებში გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ამან კონკრეტული მიმართულებებით ერთგვარი დეფიციტ გამოიწვია. თუმცა ეს დიდი მატერიალური და შინაარსობრივი მატება არ არის. თუ მანამდე 1 ტონა აზოტოვანი სასუქების ღირებულება 300 დოლარი იყო, დღეს 350 დოლარად ივაჭრება.
ევროპის ქვეყნებს ტრადიციულად თავიანთი მიმწოდებელი კომპანიები ჰყავთ. მე ვგულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებენ. ჩვენ ტრადიციულად ვართ ევროკავშირის ქვეყნების სტაბილური მიმწოდებელი აღნიშნული პროდუქციის“, - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.
2026 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოდან 12 მილიონ 925 ათასი დოლარის ღირებულების 41 015 ტონა აზოტოვანი სასუქები გავიდა ექსპორტზე. კლება 34%-ია. თებერვლის ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.
იანვარში მთავარი საექსპორტო ქვეყნები უკრაინა, იტალია, რუმინეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ.
რაც შეეხება 2025 წლის ჯამურ მონაცემებს, გასულ წელს საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 132 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლის განმავლობაში 423 663 ტონა ქართული წარმოების აზოტოვანი სასუქები 33 ქვეყანაში გავიდა. მთავარი შემსყიდველები კი რუმინეთი ესპანეთი და ტანზანია იყვნენ.