„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება.“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

მისივე განცხადებით, სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები შინაარსობრივ ნაწილში ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

"არც კანონის მიღებისას, არც შემდგომ პერიოდში, კომისიის მიზანი არ ყოფილა და არ იქნება რაიმე სადამსჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას უნდა მკაფიოდ გვახსოვდეს და იმ პასუხისმგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს საზოგადეებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება. პასუხისმგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის ჩემი აზრით არც კანონის მოთხოვნები არ სჭირდება - ამას მედია ისედაც უნდა იცავდეს.

კომისიის როლი იქნება ამ შემთხვევაში, პირველი და უმთავრესი ამოსავალი საზოგადოების ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება თანახმად, განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია დღეს ეს პასუხისმგებლობა და ვისაც ძალიან დიდი მასშტაბი აქვს გავლენის მოხდენისა. ამ ნეგატივისგან, ყალბი-ცრუ, არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და საერთოდ ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ გარემო. მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას comcom-ი ავრცელებს.