თბილისის და ბათუმის გარე რეკლამების ლიცენზიატმა კომპანიამ, ALMA-მ 30 მლნ დოლარისა და 8.5 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაცია გამოუშვა. 30 მლნ დოლარის ობლიგაცია კომპანიამ 25 ივლისს გამოუშვა. ობლიგაციები 8.5%-შია და მისი დაფარვა 2027 წლის ივლისისთვის უნდა მოხდეს. 8.5 მლნ ევროს ობლიგაცია 7.25%-შია გამოშვებული და ისიც ორწლიანია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ALMA-მ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 68.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით (28%-ით) გაიზარდა. სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, რამაც ქვეყანაში ბანერების განთავსებაზე მოთხოვნა გაზარდა.
აუდიტორული ანგარიშის თანახმად, სარეკლამო შემოსავლებმა 63.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბანერების ბეჭდვიდან გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიონი ლარი იყო.
საოპერაციო შედეგების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, წმინდა მოგება 29.3 მილიონიდან 8.5 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2023 წელს კომპანიამ შვილობილი კომპანიის გასხვისებიდან ერთჯერადი სარგებელი მიიღო.