საკვები დანამატების მწარმოებლები ამ დრომდე ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, გადაუვადებენ თუ არა მათ „ჰასპის“ სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულებას. როგორც jandacva.ge-სთან საუბარში საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განმარტა, რეგულაცია 1 ივნისიდან ამოქმედდა, თუმცა სანქციები ძალაში შესული არაა და მწარმოებლები ისევ მოლოდინისა და საკუთარი გეგმების შემუშავების პროცესში არიან.

„ვისაც ბაზარზე დარჩენა უნდა, მან უნდა დანერგოს ეს სტანდარტი, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი ხდება და კომპანიები ფიქრობენ, რა ტაქტიას აირჩევენ. შესაძლოა, მათმა ნაწილმა, თუკი თავად ვერ დააკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, შესაძლოა, კონტრაქტი გააფორმოს ფარმაცევტულ კომპანიებთან და ამ სახით გააგრძელონ მუშაობა. ჰასპი არაა მარტივად დასაკმაყოფილებელი სტანდარტი, ესაა იგივე პირობები, რაც „ჯიემპია“ ფარმაცევტული წარმოებისთვის,“ - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

ცნობისთვის: 1 ივნისიდან საკვები დანამატები „ჰასპის“ სტანდარტების ქვეშ მოექცა, თუმცა მწარმოებლები ამ ვალდებულების ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვენ.

მათი ნაწილი ბაზარზე სამკურნალო საშუალებების სახით იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლქვეშ იყო მოქცეული. თუმცა „ჯიემპი“ სტანდარტის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული სტანდარტისგან რომ თავი აერიდებინათ, „ბადების“ ადგილობრივმა მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქცია საკვებ პროდუქტებად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, ისინი სურსათის სააგენტოს კონტროლის ქვეშ გადავიდა.

1 ივნისიდან კი „ბადების“ მწარმოებლებსაც დაეკისრათ „ბადების“სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება.

გოგიბერიძის თქმით, ამ ვალდებულების ასეთ მცირე ვადებში შესრულება აღნიშნული პროდუქციის მწარმოებლებისთვის პრობლემაა და  მათი ნაწილისთვის, შესაძლოა, ეს ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავდეს.

გოგიბერიძის განმარტებით, იმპორტირებული საკვები დანამატების შემთხვევაში პრობლემა მოხსნილია, რადგან მათ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატები აქვს.

ცნობისთვის: HACCP (Hazard Analyss and Critical Control Points System) არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეთოდი სურსათის უვნებლობის რისკის იდენტიფიკაციისა და მართვისთვის.

HACCP არის მართვის სისტემა, რომელშიც სურსათის უვნებლობის მოგვარება ხდება ნედლეულის წარმოების, შესყიდვების და დამუშავების, მზა პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების ანალიზისა და კონტროლის გზით. „ჰასპი“ სურსათის კუთხით ისეთსავე მკაცრ სტანდარტებს აწესებს, როგორსაც – „ჯიემპი“ ფარმაცევტულ ბაზარზე. ორივე სტანდარტის მიზანია მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი  პროდუქციის მიწოდება.

jandacva.ge