თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიანი, მრავალფუნქციური დანიშნულების სასტუმრო სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება. მშენებლობის დამკვეთი კომპანია შპს „მელიქიშვილი ინნ“-ია, რომლის მესაკუთრეებიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა მამაცაშვილი (50%) და ვახტანგ კარიჭაშვილი (50%) არიან. ისინი კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ.

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. რეესტრის მიხედვით, კომპანიის ორივე მესაკუთრეს ორმაგი – რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

ქალაქის მთავარ გამზირზე ახალი შენობის სიმაღლე პროექტის თანახმად 28.6 მ. იქნება. მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა ბოლო ინფორმაციით, 10-სართულიანი იქნება, საიდანაც 8 სართული მიწის ზედაა, 2 სართული კი მიწის ქვედა. საპროექტო შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ობიექტების (რესტორანი, სამზარეულო, ლაუნჯ-ბარი) განთავსება, ხოლო ზედა სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება. უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით, ბოლო სართულზე განთავსდება ღია კაფე ტერასით. აღსანიშნავია, რომ პირვანდელი პროექტის მიხედვით სასტუმრო მხოლოდ 4 სართულს მოიცავდა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ვადად 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდია.

შპს „მელიქიშვილი ინნ“-მდე სასტუმროს მშენებლობას Bolero & Company, უფრო ადრე კი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა გეგმავდა.

2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე Bolero & Company სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის და თბილისის ცენტრში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, თუმცა პროექტს მალევე მფლობელი კომპანია შეეცვალა და სასტუმროს მშენებლობის დასრულება შპს „მელიქიშვილი ინნ“-მა გადაიბარა.

აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“ წლების წინაც წერდა, მაშინ მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ „ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. ბიზნესმენის შვილი დავით კოდუა აცხადებდა, რომ მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. იგი ამბობდა, რომ ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვა „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული. მელიქიშვილის გამზირზე ლაურა ღაჭავა Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას 2017 წლიდან გეგმავდა. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქტიტექურის სამსახურმა 2016 წელს გასცა, დედაქალაქის მერიასთან ასევე შეთანხმებული იყოს სასტუმროს პროექტი. 100 ნომრიანი და სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019-ში დასრულებულიყო. Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი იყო გათვალისწინებული.