საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოკლე დროში დასრულების პერსპექტივას ვერ ხედავს. ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ თელ ავივში ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეგიონული ესკალაციისგან, რომელიც გარკვეულწილად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მოკლევადიანი გამოსავალი არ არსებობს. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უმოქმედობის საბაბი“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ისრაელს გააცნო საფრანგეთის პოზიცია სამხრეთ ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით. როგორც ჟან-ნოელ ბარომ განმარტა, საფრანგეთი ამ ნაბიჯს ეჭვით უყურებს.

ამასთან, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ლიბანის არმიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის.

1tv.ge