18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული.

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია.

„ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა… ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

ბათუმი / 18.03.2026 / დღეს ბათუმში ზოგან მსუბუქი ნისლიცაა

batumelebi.netgazeti.ge