„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ შრეს მოიცავს: პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შედეგად ეკოლოგიური კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მეორე მხრივ, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხარდაჭერა.

აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციიდან, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ეს შემთხვევა ქვეყანაში არსებული თემატური პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

„ამ შემთხვევაში, პრევენციულმა პოლიტიკამ ვერ/არ იმუშავა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ უმოკლეს პერიოდში ერთმანეთის გაფრთხილება მოახერხეს.

სოფელში მეწყრის საშიშროებაზე წლების (მაგ. 2019, 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პროგნოზის დოკუმენტები) განმავლობაში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი წერდა. საყურადღებოა, რომ სააგენტოს 2025 წლის პროგნოზის დოკუმენტში სოფელი გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ობიექტთა სიაში არ შედიოდა.

ზოგადად, პრევენციული პოლიტიკის უკიდურესმა ხარვეზიანობამ საქართველოს ასეულობით მოქალაქე მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დააყენა. ადრეული გაფრთხილების სისტემისა და მყისიერი ევაკუაციის გეგმების არარსებობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანიც გამოიწვია. ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე ხაზს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური უსვამენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მექანიზმების არარსებობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტმა ასევე გამოავლინა ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩავარდნები, მაგალითად:

ინტეგრირებული ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ამ სისტემის შემადგენელი სუბიექტების ფუნქციებსა და მაკოორდინირებელ უწყებას;

  • ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე, ასევე, გარემოსდაცვითი კატასტროფების პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებ(ებ)ის არარსებობა;
  • ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზის არარსებობა;
  • ცენტრალიზებული საკომუნიკაციო სისტემისა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების მიღწევის გამართული და საიმედო პროცესების არარსებობა;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების უმეტესობა პრევენციული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს ან ძირითადად ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლება.

„ამ მხრივ, გამონაკლისს არც ტყიბულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პრევენციაზე ხარჯები ნათლად არ არის გათვალისწინებული.

მხოლოდ ერთი წინადადებაა ნახსენები ქვეპროგრამის – „გზების მიმდინარე შეკეთება”, ფარგლებში (“სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარება), რომლის ფორმულირებიდანაც კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრევენციასთან ერთად, პრობლემურია რეაგირებითი პოლიტიკის მიმართულებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გრძელვადიანად სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას.

მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ადგილობრივები საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ქირით გაყვანაზე დაიწყო საუბარი. როგორც წესი, ბინის ქირის ოდენობა ეკომიგრანტებისთვის თვეში მაქსიმუმ 300 ლარია და ისიც 3 თვით გაიცემა; თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები 6-12 თვის ვადით იქნებიან ქირით უზრუნველყოფილნი, რომლის ოდენობაც ოჯახის სულადობის მიხედვით დაითვლება.

2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20.3% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო დაახლოებით 58 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

არსებული სამართლებრივი ჩარჩო ეკომიგრანტებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა, თითოეული სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრისისა და საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე საცხოვრებელია. ადგილობრივები კარგავენ მიწის ნაკვეთებს, წლობით ნაშრომ კარ-მიდამოს, თავიანთ ცხოვრების წესს, წინაპრების სასაფლაოებს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არ დატოვოს სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე.

„ამასთან, გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას.

მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში შეფასდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბი, გამომწვევი მიზეზები და სამომავლო რისკები და გატარდეს სრულყოფილი ღონისძიებები მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას“.

batumelebi.netgazeti.ge