„გვირაბთან დაწესებული აკრძალვის შემდეგ, დამატებით 6 კილომეტრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ სახლებში მივიდეთ, სოფელში ამოსვლას ამის გამო აგვიანებს  სასწრაფო, სახანძრო რომ დაგვჭირდეს, იგივე პრობლემაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის 5 წელია… ეს პრობლემა ეხება 220 ოჯახს. მთავრობას მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები შაქრო პაპიძე.

სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის გვირაბთან ახლოსაა – ბათუმიდან როცა მიდიხართ, ამ სოფლისკენ მიმავალი გზა გვირაბიდან გასვლისთანავე მარჯვნივ უხვევს. გვირაბთან წლებია წრიული მოქმედებდა, მაგრამ იგი 2025 წლის 3 ნოემბრიდან ჩაიკეტა.

„გასული წლის 3 ნოემბრიდან ასეა: სახალვაშო ქობულეთის სოფელია. მაგალითად, ჩვენი სოფლიდან ბათუმში რომ წახვიდე, გვირაბთან ჩასული ბათუმისკენ პირდაპირ ვერ შეუხვევ და ვერ წახვალ – ჯერ უნდა ჩახვიდე ჩაქვში, იქ მოტრიალდე და წახვიდე ბათუმში,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ შაქრო პაპიძე. – „პრობლემაა ასევე, როცა ქობულეთიდან მოვდივარ ბათუმის მიმართულებით, თუ მაგალითად, ჩემს სოფელში მომინდა შევლა, გვირაბთან პირდაპირ ჩემი სოფლისკენ ვერ გადავუხვევ – უნდა ჩავიდე მახინჯაურში, იქ მოვტრიალდე, ჩამოვიდე ისევ გვირაბთან და ისე წავიდე სახალვაშოში.

ბათუმიდან როცა მივდივართ სახალვაშოში, ამ შემთხვევაში არაფერი შეცვლილა – ისევ გვირაბს გაივლი და შეუხვევ მარჯვნივ.

გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უსაფრთხოების გამო, მაგრამ გზის ამ მონაკვეთში ავარია არასდროს მომხდარა, ხედვის არე კარგია. სოფელს სხვა გზა არ აქვს. ეს ეხება, როგორც სახალვაშოს, ასევე მე-7 რაიონს და სოფელ მახინჯაურის ნაწილს. 21 წელია ამ გზით ვსარგებლობთ და პატარა ავარიაც კი არ ყოფილა…

2025 წლის 3 ნოემბერს, როცა წრიული ჩაკეტეს ჯებირით, არავინ გაგვაფრთხილა: საღამოს მივედით და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით პირდაპირ,“ – გვითხრა შაქრო პაპიძემ.

სახალვაშოელებს თავდაპირველად გზის გადაკეტვა გადაუწყვეტიათ, მაგრამ პროფესიით ადვოკატ შაქრო პაპიძეს მოსახლეობისთვის ჯერ წერილების გაგზავნა შეუთავაზებია. სოფელ სახალვაშოდან საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილი გზების დეპარტამენტისთვის დაუწერიათ.

გზების დეპარტამენტის პასუხში ვკითხულობთ:

„შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მოთხოვნილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] საავტომობილო გზის ჩაქვის გვირაბის მისასვლელის მიმდებარედ სოფელ სახალვაშოსთან არსებული წრიული მოძრაობის გაუქმება და გამყოფი ზოლის შევსება ლითონის მრუდხაზოვანი ძელებით…

მხედველობის არე შეზღუდულია. საავტომობილო გზის გამყოფ ზოლში ლითონის მრუდხაზოვანი ძელების დემონტაჟი და მარცხენა მოხვევის დაშვება გაზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის რისკს…

დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა საავტომობილო გზის გამყოფ ზოლში ლითონის მრუდხაზოვანი ძელების
დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილობით პასუხში.

„სინამდვილეში, ეს არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. მთავარია, ბათუმიდან მომავალ მანქანებზე დაიდგას 70 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი. მეტი არაფერია საჭირო. ასევე ქობულეთის მხრიდანაც – 70 კმ შეზღუდვა. ყველაფერი დახაზულია და გაკეთებულია ისედაც… 2005 წელს, როცა ეს გვირაბი გაიხსნა, მაშინაც იყო ლაპარაკი ამ საკითხზე – ჩაკეტვაზე, მაგრამ მაშინ სოფელი ფეხზე დადგა. შემდეგ ეს გზა მოაასფალტეს, დახაზეს და ყველაფერი გააკეთეს,“ – უსაფრთხოების მიზეზით გზის ამ მონაკვეთში დაწესებულ აკრძალვას არ ეთანხმება შაქრო პაპიძე.

ამას გარდა, მოქალაქე კონკრეტულ პრობლემებს ასახელებს, რაც ამ აკრძალვის დაწესებას მოჰყვა და რომლის მოგვარებაზე არც ადგილობრივი მთავრობა ზრუნავს:

„სასწრაფო როცა გვჭირდება, ჩაქვის ბრიგადა გვემსახურება. ჩაქვიდან ჩვენი სოფლისკენ წამოსული სასწრაფო უნდა ჩავიდეს მახინჯაურში, იქ მოტრიალდეს და მერე ამოვიდეს სოფელში. სოფელში მოხუცი და ავადმყოფი ხალხი ცხოვრობს. აგერ, ერთი კვირის წინ გარდაიცვალა ცაცა დუმბაძე. სასწრაფოს რომ ამოესწრო, შეიძლება გადარჩენილიყო.

სოფელში უკვე 5 წელია საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არავინ გვცემს პასუხს, რატომ? მანამდეც სოფელს ემსახურებოდნენ კონკრეტული ადამიანები ტრანსპორტით, შემდეგ როცა გზები დაგრძელდა, აღარ უღირთ, როგორც ჩანს. გვირაბიდან სოფლამდე 8 კილომეტრია. გამწარებულია ხალხი,“ – უთხრა შაქრო პაპიძემ „ბათუმელებს“.

რას აკეთებს ქობულეთის მერია სოფელ სახალვაშოს პრობლემის მოსაგვარებლად? – შაქრო პაპიძე ამბობს, რომ ქობულეთის მერიასაც მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ქობულეთის მერიიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მთავარი ფოტო: სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის გვირაბთან.

batumelebi.netgazeti.ge