თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრია შეპყრობილია იდეით, რომ მანქანები „პროგრამულად მართვად სატრანსპორტო საშუალებებად“ აქციოს, რაც კორპორაციულ ენაზე იმ ძალიან ძვირადღირებულ კომპიუტერს ნიშნავს, რომელშიც უბრალოდ სხედხართ. განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის ის ფუნქციები, რომლებსაც ძალიან მალე ყველა ავტომობილში შევხვდებით.

ჭკვიანი და პროაქტიული ხმოვანი ასისტენტები

რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ავტომობილებში ამჟამად არსებული ხმოვანი ამოცნობის სისტემები საკმაოდ მოუქნელია. ბრძანების გაცემის შემდეგ რამდენიმე წამი გიწევთ ლოდინი და ბოლოს, გათბობის ჩართვის ნაცვლად, მანქანა სრულიად სხვა მოქმედებას ასრულებს ან ვინმესთან რეკავს.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბუმის დამსახურებით, ავტომობილების მართვის პანელები სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. უკვე არსებობს პრეცედენტები, როდესაც მსხვილი ავტომწარმოებლები საკუთარ მოდელებში ChatGPT-ის მსგავს ტექნოლოგიებს რთავენ, რათა მძღოლებმა პერსონალიზებული და მოწინავე ხმოვანი ინტერაქცია მიიღონ. მაგალითად, ტემპერატურის კონკრეტულ გრადუსზე დაყენების მოთხოვნის ნაცვლად, საკმარისი იქნება უბრალოდ შეიცხადოთ, რომ გცივათ. AI თავად მიხვდება, ვინ თქვა ეს, სად ზის ის და შესაბამისად დაარეგულირებს სალონისა და სავარძლის გათბობას.

თვითმართვადი მანქანები

ავტოპილოტის თანამედროვე არქიტექტურა კამერიდან მიღებულ დაუმუშავებელ კადრებს პირდაპირ საჭის მართვასა და მუხრუჭის სისტემაში თარგმნის, რითაც ის ადამიანის ბუნებრივ მართვის სტილს ბაძავს და არა წინასწარ გაწერილ ალგორითმებს. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიებს უჩნდებათ „მტაცებლის“ ხედვაც. ხელოვნური ინტელექტის ახალი ვიზუალური სისტემები თერმულ სენსორებს გამოიყენებენ, რათა უკუნით სიბნელეშიც კი შენიშნონ ქვეითები, ან ზუსტად იწინასწარმეტყველონ ველოსიპედისტის მოძრაობის ტრაექტორია მაშინაც კი, როცა ის დროებით გაჩერებული სატვირთოს უკანაა ამოფარებული.

ძრავის შემოწმების პროაქტიული სისტემა

ალბათ, არაფერია იმაზე მეტად სტრესული და გამოუსადეგარი, ვიდრე მართვის პანელზე „Check Engine“-ის ბუნდოვანი ნარინჯისფერი ნათურა. ეს შეიძლება ნიშნავდეს როგორც საწვავის ავზის თავსახურის მოშვებას, ისე ტრანსმისიის სერიოზულ დაზიანებას.

ხელოვნური ინტელექტი ამ პრობლემასაც აგვარებს. პროგნოზირებადი ტექნიკური უზრუნველყოფის პლატფორმები უბრალოდ კი არ ანთებენ გამაფრთხილებელ ნიშანს, არამედ ასობით სენსორიდან მიღებულ მონაცემებს ამუშავებენ და გაუმართაობას მის დადგომამდე აანონსებენ. გზის პირას გაფუჭებული ავტომობილით დარჩენის ნაცვლად, მანქანა გაცილებით ადრე თავად შეგატყობინებთ ტელეფონზე მოსალოდნელი პრობლემის შესახებ.

ელექტრომობილების დამუხტვასთან დაკავშირებული შფოთვის დასასრული

თუ ელექტრომობილს მართავთ, დამუხტვასთან დაკავშირებული შფოთვა თქვენთვის უცხო არ იქნება. მართვის პანელი გაჩვენებთ დარჩენილ კილომეტრებს, მაგრამ რეალურად არ იცის, რამდენად აღმართიანი გზა გელოდებათ წინ ან რამდენად აგრესიული მართვის სტილი გაქვთ დღეს. ხელოვნური ინტელექტის ახალ ალგორითმებს ამის გათვლაც შეეძლებათ. მანქანური სწავლების გადაწყვეტილებები, რომლებიც ითვალისწინებს ამინდს, ტრაფიკსა და თქვენს პერსონალურ მართვის სტილს, მანძილის პროგნოზირების სიზუსტეს მაქსიმუმამდე ზრდის. მეტიც, რადგან ავტომობილმა იცის თქვენი მარშრუტი, ისიც იცის, როდის უახლოვდებით სწრაფ დამტენს. სპეციალური ალგორითმები წინასწარ, ავტომატურად მოამზადებენ ელემენტის თერმულ მდგომარეობას ისე, რომ შეერთების წამსვე მან ზუსტად ოპტიმალურ ტემპერატურაზე მიიღოს მაქსიმალური ენერგია.

მანქანა გაკვირდებათ – თქვენივე საკეთილდღეოდ

მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის ახალი თაობის სისტემები აანალიზებენ როგორც სახეს, ისე ხმას, რათა დროულად აღმოაჩინონ ფიზიკური და მენტალური ყურადღების გაფანტულობა თუ ძილიანობა. თუ გრძელ გზაზე ჩაძინებას დაიწყებთ, მანქანა უბრალოდ კი არ აწრიპინდება, არამედ ავტომატურად შეამცირებს სალონში ტემპერატურას, აუწევს რადიოს ხმას ან ღვედს მოგიჭერთ, რათა გამოგაფხიზლოთ. ეს, ფაქტობრივად, თქვენი პერსონალური ბორტ-ასისტენტია, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ყავის დასალევად გაჩერების სიზარმაცემ სავალალო შედეგამდე არ მიგიყვანოთ.

წყარო: Fastcompany,  www.marketer.ge