ღმერთმა ღირს ჰყო [ილია მეორე], რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი მშფოთვარე მღელვარებების გარეშე, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ყოვლადუწმინდესმა ბართლომეუსმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორის დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე.

„1990 წლის 4 მარტს, ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველომ მიიღო უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე წლისა და თვის 30 რიცხვში, ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოველადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში, მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს, ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩემ მიერ, როგორც იმხანად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი.

ასევე, ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი მშფოთვარე მღელვარებების გარეშე. საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხის და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომელშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთიოსსიყვარულში დიდად წარემატა და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოველის მპყრობელი უფლის სულით“, - განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, „ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“.

შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, - ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა.

„როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი.

ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.

წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს.

შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. იგი იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე, უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით, რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში, იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა.მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა, ნეტარხსენებული პატრიარქ დავით V-ის მემკვიდრედ. განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141 საჭეთმპყრობელმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობის მყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე, ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე“, - განაცხადა ბართლომეოს I-მა“, - განაცხადა ბართლომეოს I-მა.

"გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, ვამბობ, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ", - ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას მიმარტა, რომ მწუხარებას ნუ მიეცემიან და კრძალვით დაიცვან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის რჩევები და სწავლებები.

„იგი ცოცხლობს იქ, სადაც არის უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი. ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო. მას აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: „ქრისტე აღდგა!, რომელს არს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.