ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივება ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვევს. მათი თქმით, ფრენების გაუქმება ხარჯებსა და ავიასაწვავის ფასებს ზრდის, ზოგიერთი გადამყვანი კი საწვავის მიწოდების რისკებზეც საუბრობს.
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო უიმედო სურათს მივიღებთ" - განუცხადა Reuters-ს Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ოლირიმ.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა, რომელიც უკვე მესამე კვირაა გრძელდება, ავიაცია მნიშვნელოვნად შეაფერხა - ფრენები გაუქმდა ან გადამისამართდა, ხოლო სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი, რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შიშის გამო, კვლავ დახურულია.
მკვეთრად გაიზარდა ავიასაწვავის ფასებიც, რამაც საოპერაციო ხარჯები გაზარდა. თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების დაწყების შემდეგ, ევროპაში ფასები გაორმაგდა, აზიაში კი თითქმის 80%-ით მოიმატა.
ევროპული ავიაკომპანიების უმეტესობას საწვავის ჰეჯირება იცავს, თუმცა ეს კონტრაქტები მომდევნო თვეებში იწურება. Airlines for Europe-ის (A4E) ყოველწლიურ სამიტზე ხელმძღვანელებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ევროპა ვერ აარიდებს თავს ნავთობის ფასების შოკს, რომელიც სხვა ავიაკომპანიებს უკვე დაატყდათ თავს.
19 მარტს ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ევროკავშირს მოუწოდეს, გადაავადოს თავისი "მწვანე დღის წესრიგის" ის ნაწილები, რომლებიც, მათი თქმით, "არ მუშაობს". მათი თქმით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ბილეთები გაძვირდება, თუმცა ბლოკმა მყისიერად უარყო ნებისმიერი სახის გადავადება და განაცხადა, რომ კლიმატური მიზნები ძალაში მაინც რჩება.
"ჩვენ გვაქვს გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ვაგრძელებთ ჩვენი მიზნებისკენ სვლას და ინდუსტრიამ ინვესტიციები უნდა განახორციელოს," - განუცხადა Reuters-ს ევროკომისარმა მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა.
ლობისტურმა ჯგუფმა A4E მარეგულირებლებს მოუწოდა, დეფიციტისა და მაღალი ხარჯების ფონზე, გააუქმონ მოთხოვნები 2030 წლიდან სინთეტიკური მდგრადი ავიასაწვავის (eSAF) სავალდებულო გამოყენების შესახებ.
"ჩვენ მოვითხოვთ eSAF-ის მანდატის გადავადებას მანამ, სანამ eSAF რეალურად ხელმისაწვდომი არ გახდება," - განაცხადა პრესკონფერენციაზე easyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენტონ ჯარვისმა.
ჯარვისის თქმით, მომხმარებლებმა ფრენები ადრევე უნდა დაჯავშნონ, რათა თავიდან აიცილონ ფასების ზრდა. მან ასევე დასძინა, რომ easyJet-მა დროებით გააუქმა თელ-ავივის რეისების აღდგენის გეგმა.
"რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება მაღალი ფასები, მით უფრო მოგიწევთ თქვენი პოზიციის დაფარვა ძვირი საწვავით, ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ფასები გაიზრდება," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
Air France-მა და SAS-მა უკვე განაცხადეს, რომ ავიასაწვავის გაძვირების გამო ბილეთების ფასის გაზრდა მოუწევთ, ხოლო Finnair აფრთხილებს, რომ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გამო, საწვავის მარაგები შესაძლოა ამოიწუროს.
ანალოგიურ პროგნოზებზე საუბრობენ ამერიკული კომპანიებიც. მათვე ამ კვირაში განაცხადეს, რომ საწვავის ხარჯების ზრდის გამო ბილეთები გაძვირდება, რადგან ბევრ ამერიკულ გადამყვანს საწვავის ფასები ჰეჯირებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, გაზაფხულზე მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.
Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ოლირიმ აღნიშნა, რომ ევროპელმა ტურისტებმა შესაძლოა ახლო მიმართულებები აირჩიონ, რათა თავიდან აიცილონ ახლო აღმოსავლეთის თავზე შორ მანძილზე ფრენა.
ხელმძღვანელების თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ შეცვლის ომი საავიაციო ეკოსისტემას. ინდუსტრიის ასოციაციის, IATA-ს ხელმძღვანელმა უილი უოლშმა Reuters-ს განუცხადა, რომ ამ კონფლიქტში "გამარჯვებულები არ არიან".
British Airways-ი ამატებს რეისებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კარიბის ზღვის აუზი, ხოლო Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავიაკომპანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფრენების გაფართოების ფარგლებში მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ახალი მარშრუტის გახსნას გეგმავს.