რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ გლობალური ენერგეტიკული ბაზრებიდან რუსეთის განდევნის პროცესშია. ამის შესახებ ლავროვმა ლეონიდ მლეჩინთან ინტერვიუში ილაპარაკა, რომლის მონაკვეთებიც შაბათს სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"როცა ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან: 'მოდით, ახლა უკრაინაში შეთანხმებას მივაღწიოთო' (ჩვენ ამისთვის ალასკაში მოვემზადეთ, მაგრამ ახლა ისინი 'ყოყმანს' იწყებენ), სხვა დათმობები გამოვნახოთ და შემდეგ ჩვენთვის უშველებელი ეკონომიკური პერსპექტივები გამოჩნდებაო. ამავდროულად, ხდება ის, რაც მე ახლახან აღვწერე. ჩვენ ყველა გლობალური ენერგეტიკული ბაზრიდან გვყრიან." - ამბობს ლავროვი.

მისი თქმით, აშშ-ს "გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინირების დოქტრინა" ამოძრავებს. ლავროვი ასევე იხსენებს, რომ "ლუკოილი" და "როსნეფტი" ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცირა, რაც, მისი თქმით, "ბაიდენის მემკვიდრეობა" არ ყოფილა.

რუსეთის საგარეო მინისტრი ასევე ამბობს, რომ "აშშ ესალმებოდა და ახლაც ესალმება იმ ფაქტს, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე რუსეთის მარგინალიზება მიმდინარეობს."

"ჩვენ სერბეთიდან გვყრიან. ამერიკელებს თავიანთი წვლილი შეაქვთ. ეს ჯოზეფ ბაიდენმა დაიწყო და ტრამპი ამთავრებს. ეს არის ღია პრეტენზია მსოფლიო მასშტაბით, ყველა რეგიონში, ენერგეტიკულ დომინირებაზე." - განმარტავს ლავროვი.

ლავროვის თქმით, ყველა ბაზრიდან განდევნის შემდეგ კი "მხოლოდ ჩვენი საკუთარი ტერიტორია დარჩება".

"ამერიკელები ჩვენთან მოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენთან თანამშრომლობის მომხრენი არიან, მაგრამ თუ ჩვენ მზად ვართ, დავნერგოთ ორმხრივად სასარგებლო პროექტები ჩვენსავე ტერიტორიაზე და ამერიკელებს მივცეთ ის, რაშიც დაინტერესებულები არიან, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ მათაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. ჯერჯერობით ეს არ გვინახავს. მათ, ვინც რუსეთის საზღვრებს მიღმა არიან, ჩვენს სიმდიდრესაც უნდა სცენ პატივი." - ამბობს ლავროვი ინტერვიუში.

"ეს უჩვეულო სიტუაციაა - დაბრუნება ისეთ დროში, როცა არ არსებობდა სამუშაო ჩარჩოები საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. პირდაპირ ითქვა, რომ აშშ-ს ინტერესები უპირატესია ყველა ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებაზე." - დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

tabula.ge