ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, სააგენტომ პროექტის განხილვა 2026 წლის 20 თებერვალს შეაჩერა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა.

დეპარტამენტმა დაზუსტებული ინფორმაცია სააგენტოს 2026 წლის 17 მარტს წარუდგინა. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, სააგენტო, დიდი ალბათობით, პროექტის განხილვას განაახლებს.

პროექტის დეტალები და ზემოქმედება

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების (მოხვევითი რადიუსების) გაუმჯობესების მიზნით. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

შერჩეული ვარიანტის მიხედვით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა:

  • 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია;
  • აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.

პროექტის თანახმად, ზარალის ანაზღაურდება და კომპენსაციები გაიცემა სრული ღირებულებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

საერთაშორისო სტანდარტები და სოციალური ასპექტები

„მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმა [LARP] მომზადებული უნდა იყოს აზიის განვითარების ბანკის [ADB] სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად. LARP-ის მომზადება ამჟამად მიმდინარეობს და გათვალისწინებულია კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან,“ – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში.

უწყების განმარტებით, ვინაიდან სამუშაოები უკვე არსებულ ინფრასტრუქტურულ დერეფანში მიმდინარეობს, პროექტი გავლენას არ მოახდენს ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციულ კულტურულ პრაქტიკებსა თუ სივრცეებზე.

ასევე, „გზშ-ს პროცედურის ფარგლებში, დადებითად გადაწყდა სოფელ ოჩხამურში ახალი საგზაო კვანძის მოწყობის საკითხი. ეს გადაწყვეტა ადგილობრივმა მოსახლეობამაც მოიწონა, რადგან ის გააუმჯობესებს კავშირს სოფლის ორ მხარეს შორის და გაამარტივებს წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძრისკენ გადაადგილებას“.

რატომ არ აშენდა 4 ზოლი თავიდანვე?

ქობულეთის შემოვლითი გზა /ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დეპარტამენტის მისამართით ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ აშენდა გზა თავიდანვე 4-ზოლიან მაგისტრალად. გზების დეპარტამენტის პასუხის მიხედვით, არსებული გზა თავიდანვე გათვლილი იყო სამომავლო გაფართოებაზე:

„არსებული გზის პარამეტრები – გზის ვაკისი, გზაგამტარები და სხვა კონსტრუქციები – დღეს ისეა მოწყობილი, რომ მოდერნიზაციის პროცესში საჭირო არ გახდეს უხეში ჩარევა ან ნაგებობების სრული დემონტაჟი. რაც შეეხება ძველ დოკუმენტაციას, იგი საჯაროდ ხელმისაწვდომია.“

ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

უსაფრთხოების სტატისტიკა და არსებული მდგომარეობა

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2026 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 106 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 37 და დაშავდა სულ ცოტა 222 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ასევე დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერიც.

batumelebi.netgazeti.ge