ავსტრალიის RMIT უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოყენებული ყავის ნალექისგან ბიოჩარის წარმოებისა და მისი ბეტონში გამოყენების მეთოდი შეიმუშავეს. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მასალის გამოყენებით ბეტონის სიმტკიცის დაახლოებით 30%-ით გაზრდაა შესაძლებელი. ამასთან, ტექნოლოგია ბუნებრივი ქვიშის ნაწილის ჩანაცვლებასაც ითვალისწინებს.

გამოცემა ScienceAlert-ის ინფორმაციით, ყავის ნარჩენები პირდაპირ ბეტონში ვერ გამოიყენება, რადგან მათგან გამოყოფილი ორგანული ნივთიერებები ცემენტის გამყარების პროცესს აფერხებს და მასალის სიმტკიცეს ამცირებს. პრობლემის გადასაჭრელად მკვლევრებმა ყავის ნალექი ჟანგბადის გარეშე, დაახლოებით 350 გრადუს ცელსიუსზე გააცხელეს. პიროლიზის სახელით ცნობილი პროცესის შედეგად მიიღეს ფოროვანი, ნახშირბადით მდიდარი მასალა — ბიოჩარი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის ნალექისგან მიღებული ბიოჩარით ბეტონში ქვიშის 15%-ის ჩანაცვლება მასალის შეკუმშვისადმი მდგრადობას დაახლოებით 30%-ით ზრდის. ამგვარად, ტექნოლოგია ერთდროულად ამცირებს ნაგავსაყრელებზე ორგანული ნარჩენების მოხვედრას და ბუნებრივი ქვიშის მოპოვების საჭიროებას.

მკვლევრების შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი კილოგრამი გამოყენებული ყავის ნალექი წარმოიქმნება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ნაგავსაყრელებზე ხვდება. ორგანული ნარჩენების დაშლისას კი გამოიყოფა სათბურის აირები, მათ შორის მეთანი. ამასთან, სამშენებლო ინდუსტრიაში ქვიშაზე მზარდი მოთხოვნა მდინარეებისა და სხვა ბუნებრივი ეკოსისტემების დაზიანების რისკს ზრდის.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან გამოყენებამდე ბეტონის გრძელვადიანი გამძლეობის დამატებითი შეფასებაა საჭირო. გუნდი ამჟამად სწავლობს მასალის ქცევას ტემპერატურის ცვლილების, წყლის შეწოვისა და ცვეთის პირობებში.