არის თუ არა „სენტ-ეტიენში“ რაიმე პრობლემა ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით? – ამ საკითხზე ინტერნეტგამოცემა Peuple vert-მა წერილი გამოაქვეყნა.
„საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენი“ „გენგამთან“ 0:3 დამარცხდა. ეს მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის მქონე გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს შთაგონება აკლდათ, მაგრამ როგორ შეიძლება აიხსნას ქართველი ფეხბურთელის რთული სტარტი სეზონში?
მართალია, ეს მძიმე მარცხია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, მომხდარიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. სწორედ ამაზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა, იან კატრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს წაგება გაკვეთილია როგორც სამწვრთნელო შტაბისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის.
„გენგამთან“ ვერც ზურიკო დავითაშვილი იყო ჩვეულ ფორმაში. გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი 24 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. ეირიკ ჰორნელანდის სისტემაში ის საკვანძო მოთამაშედ მიიჩნეოდა, „სენტ-ეტიენის“ წარმატება მის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, რამაც შედეგად 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოიტანა.
მთავარ მწვრთნელად იან კატროს მოსვლასის შემდეგ ვითარება შეიცვალა — „სენტ-ეტიენი“ ახლა სხვაგვარად თამაშობს. ახალი მწვრთნელი 4-2-2-2 სქემას იყენებს, რაც უფრო მეტ კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. „სენტ-ეტიენის“ თამაში ინდივიდუალისტებზე ნაკლებად არის დამოკიდებული.
მიუხედავად უცხოური კლუბების ინტერესისა, დავითაშვილი კლუბში დარჩა, მწვრთნელი მას ენდობა, თუმცა ყოველთვის სასტარტო შემადგენლობის წევრი არ არის: ახალ სეზონში ათი მატჩიდან ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, მათ შორის — ბოლო ორ შეხვედრაში.