კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – განაცხადა ორბანმა.

უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს. ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე, იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.