ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის - m&i Tbilisi 2024-ის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქმიანი ტურიზმის მიმართულება განავითაროს.

"ფორუმს 200-მდე მონაწილე ჰყავდა, აქედან 68 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სპეციალურად საქართველოს ეწვია, რომ გასცნობოდა საქართველოს შესაძლებლობებს და ჩვენ შევძლოთ საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი როგორც მიმართულებამ, სადაც საქმიანი ტურიზმი შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე განვითარდეს.

უცხოელებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, მარნები როგორც თბილისში ასევე სხვა ადგილებში, რომ შეეფასებინათ საქართველოს შესაძლებლობა და ქვეყანამ შეძლოს მსოფლიო დონის საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლოს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში, საქართველოს ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. ასევე, ფორუმზე იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი. 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. ასევე, 83 სერვისის მიმწოდებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ, B2B ფორმატში, სამი დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრა გამართა პოტენციურ დამკვეთებთან.

bm.ge