უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს ბრიუსელიდან მართული უწოდა. ეს განცხადება უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ორბანმა უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდი შეაფასა.

„არასდროს ვიკამათებ ადამიანებთან, რომელთა პატრონებიც ბრიუსელში არიან, რადგან მე მათ პატრონებთან ვიკამათებ. წლების განმავლობაში ბრიუსელი ერეოდა ჩვენს არჩევნებში რეჟიმის შეცვლის მიზნით. ოპოზიციონერი პეტერ მადიარი უბრალოდ ამ ჯგუფის უახლესი წევრია. უნგრეთის გზა დამოუკიდებელია და ჩვენ არ დავთმობთ“, – თქვა ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა ასევე განიხილა უკრაინის ევროკავშირში პოტენციურ გაწევრიანებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მისი თქმით, ამან შეიძლება, ზიანი მიაყენოს ევროპელ ფერმერებსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობას.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა უნგრეთის სოფლის მეურნეობის გადასარჩენად“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირში თავმჯდომარეობის პერიოდის შესახებ მსჯელობისას მან აღნიშნა ისეთი მიღწევები, როგორიცაა შენგენის გაფართოება და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა.

ამასთან, ორბანმა ევროპარლამენტი და ევროკომისია „სოროსის შტაბ-ბინად“ მოიხსენია. მისივე თქმით, ევროპა ცვლილებებს საჭიროებს.

„ბრიუსელს სჯერა, რომ ყველაფერი იმავენაირად უნდა გაკეთდეს, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს ცვლილებებისადმი გახსნილობა“, – აღნიშნა ორბანმა.

წყარო:  1 არხი