შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად, სერიოზულად დაზიანდა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსული პორტები, სადაც საზღვარგარეთ გასაყიდად განკუთვნილი ნავთობის ჩატვირთვა ხდებოდა. ამან მკვეთრად შეზღუდა მოსკოვის საექსპორტო შესაძლებლობები. შექმნილი ვითარება რუსი პროპაგანდისტების რისხვას იწვევს: მათთვის ეს ქვეყნისთვის „დალურსმული ჩექმით ყვ..ებში ჩარტყმის“ ტოლფასია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“- BR24) თვალს ადევნებს რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს და გვიყვება, თუ როგორ განიხილება ეს საკითხი ადგილობრივ მედია-სივრცეში.

ნავთობის მიმდინარე ფასებს რუსეთის პრეზიდენტი უკვე დილის ხუთის ნახევარზე ამოწმებს, როგორც მან თავად განუცხადა ენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელებს. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად, ნავთობსა და გაზზე „ახალი, სტაბილური ფასები“ დაწესდება. პუტინი „დამატებით საექსპორტო შემოსავლებზეა“ ორიენტირებული, რათა ომის გიგანტური ხარჯებით გამოწვეული საბიუჯეტო პრობლემები დაძლიოს: „არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს, გავიმყაროთ პოზიციები ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა გაზრდილია“.

თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს ნავთობისა და გაზის ექსპორტი, ამჟამად მკვეთრად შეზღუდულია. მილსადენებზე, სატუმბ სადგურებსა და საპორტო ტერმინალებზე უკრაინის თავდასხმების შედეგად, საექსპორტო სიმძლავრეების დაახლოებით ორმოცი პროცენტი დაბლოკილია. რუს მიმომხილველებსა და ექსპერტებში განსაკუთრებით დიდი რისხვა და შურისძიების წყურვილი გამოიწვია სანქტ-პეტერბურგის რეგიონზე დრონებით განხორციელებულმა იერიშებმა - ნავთობის უდიდესი ნაწილი, ბალტიის ზღვის გავლით, სწორედ უსტ-ლუგისა და პრიმორსკის ამჟამად უკვე სერიოზულად დაზიანებული ტერმინალებიდან იგზავნებოდა.

„ბალტიის ზღვის მარშრუტი თითქმის პარალიზებულია, შავი ზღვის გზის გამოყენება მხოლოდ ეპიზოდურადაა შესაძლებელი, გაზის ექსპორტი კი შეფერხებულია“, - წერს ბლოგერი იგორ დიმიტრიევი.

„დალურსმული ჩექმით ჩარტყმა“

რუსი სამხედრო ბლოგერები იმდენად შეძრწუნებულნი არიან, რომ ჟურნალისტი ალექსანდრე ხოდაკოვსკი პოლიტიკური სტაბილურობის შერყევის საფრთხეზეც კი ალაპარაკდა: „ვითარება უკიდურესად იძაბება და, როგორც ჩანს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გამოხატავ აზრს. ეს დროის ნიშანი და ჩვენი დაწყვეტილი ნერვების ბრალია. გვესმის მათი, ვისაც ჩვენი მარცხი გულს უკლავს და ემოციებს ვერ თოკავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასწორზე სტაბილურობაც დევს. მეტი თავშეკავება გვმართებს, რომ ჩვენი ნავი არ გადაბრუნდეს“.

ამ შემთხვევაში, ხოდაკოვსკის კრიტიკის სამიზნეს ისეთი პროპაგანდისტები წარმოადგენენ, როგორიც, მაგალითად, ტელერეპორტიორი ალექსანდრე სლადკოვია. ბალტიის ზღვის პორტებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ამ უკანასკნელის რეაქცია საკმაოდ მძაფრი იყო: „კიდევ ერთი დარტყმა მივიღეთ დალურსმული ჩექმით პირდაპირ სასქესო ორგანოებში“. სლადკოვმა აბუჩად აიგდო ის ფაქტი, რომ ახლა კრემლი ბიზნესისგან ითხოვს, საკუთარი ინფრასტრუქტურა საჰაერო დარტყმებისგან კერძო კომპანიების მეშვეობით დაიცვან: „ეს რა გენიალური გეგმაა, როცა ჩვენს კომპანიებს საკლავით ბუზებივით ხოცავენ?“

„ტაბუირებული სიტყვების გარეშე რუსეთის მთავრობის ქმედებებზე საუბარი სულ უფრო რთული ხდება“, - სარკასტულად წერს კიდევ ერთი ბლოგერი. პუტინის ბენზინგასამართი სადგური „ორივე მხრიდან იწვის“, - ვკითხულობთ მეორის კომენტარში.

„სად არის ჩვენი საჰაერო თავდაცვა?“

იური კოტენოკი, რომელსაც 323 ათასი გამომწერი ჰყავს, იმ „ავტომატიან მოხუცებს“ დასცინის, რომლებიც კომპანიების ტერიტორიებს დაცვის სამსახურების სახელით დარაჯობენ: „საბოლოო ჯამში, კითხვა მარტივი და ბანალურია: სად არის ჩვენი საჰაერო თავდაცვა? სად გაქრა ეს ყველაფერი? ის არასდროს არსებულა თუ უკვე აღარ არსებობს - მომიტევეთ და, თუ ყველაფერი მოიშალა, რატომ აქამდე არ არის აღდგენილი?“

სხვა ანონიმური მიმომხილველი წერს: „ვითარება აჩვენებს, რომ იაფი დრონებით მასირებული საჰაერო დარტყმების სტრატეგია, ფაქტობრივად, აღემატება ძვირადღირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს აიძულებს ინდუსტრიას, პროდუქცია მუდმივი რისკის პირობებში აწარმოოს, სახელმწიფოს კი - აღიაროს, რომ ქვეყნის ევროპულ ნაწილში სტრატეგიული ობიექტებისთვის უსაფრთხო ზონები აღარ არსებობს“.

„როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი?“

მიმომხილველი ბორის როშინი (776 ათასი გამომწერი), ამტკიცებს, რომ სანქტ-პეტერბურგისკენ გაფრენილ უკრაინულ დრონებს ბალტიისპირეთის ქვეყნების, ანუ ნატო-ს საჰაერო სივრცე არ გამოუყენებიათ, რადგან ეს მარშრუტი ძალიან გრძელი იქნებოდა, ბლოგერ ალექსეი ჟივოვს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს: „რაც უფრო დიდხანს ვახდენთ ამის იგნორირებას, მით უფრო თავხედი ხდება მტერი“.

პოლიტოლოგი იური ბარანჩიკი „მეორე ფრონტზეც“ კი საუბრობს, რომელიც დასავლეთმა ბალტიისპირეთში გახსნა: „დასავლეთისკენ წინსვლის ნაცვლად, ომი სულ უფრო ღრმად აღწევს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი როგორ უნდა გავიგოთ? კვლავაც ვაგრძელებთ ფარულ შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენს საზიანოდ მუშაობს? თუ რა ხდება? პირადად მე ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს“.

პუბლიცისტი ოლეგ საროვი დაასკვნის: „სამარცხვინოა, რომ ნავთობის მზარდი ფასებით სრულად სარგებლობა არ შეგვიძლია. მაინტერესებს, რამდენი დრო დასჭირდება ტერმინალების შეკეთებას“.

წყარო: 1 არხი