4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ამ დღეს და სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის. მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის და გულგრილობის შესახებ საჯარო წყაროებში გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა საზოგადოების დიდი ნაწილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არის ის მინიმალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შეფასდეს, რამდენად ცივილიზებული და პასუხისმგებლიანია სახელმწიფო და საზოგადოება.
"მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების ნაწილის გულგრილმა დამოკიდებულებამ დღეს დაგვაყენა იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ყოველდღიურ ყოფაში მკაფიოდ იკვეთება – კერძოდ: მათი უკონტროლო გამრავლება, შიმშილი და წყლის დეფიციტი, დაავადებების ფართო გავრცელება, უფასო სამედიცინო სერვისების არარსებობა, ცხოველების მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის გახშირებული შემთხვევები.
კრიზისს სავარაუდოდ იწვევს, ასევე, თავშესაფრების გადატვირთულობა და არასაკმარისი რესურსები, მუნიციპალური და სამედიცინო სერვისების არათანაბარი განვითარება რეგიონებში და მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, კანონის აღსრულების მექანიზმების გამართული სისტემური ჯაჭვის არარსებობა, ასევე საზოგადოების ნაწილში დაბალი ინფორმირებულობა პასუხისმგებლიანი პატრონობისა და ჰუმანური დამოკიდებულების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას,“- წერს საია.
ორგანიზაციის განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომებს, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია/კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია.
„ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქნელი და აღმასრულებელი აცნობიერებდეს, რამდენად ძლიერი სტრესია ცხოველისთვის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტა, გადაყვანა და შემდეგ სხვა ადგილას დაბრუნება, ან მისთვის უცნობ გარემოში მოთავსება.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მართვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მიდგომების გამოყენებით. მიუსაფარ ცხოველბთან დაკავშირებული გამოწვევები არ გადაიჭრება მათი ერთი ადგილიდან გაქრობით და სხვა ადგილას გადაყვანით.
მით უფრო, იმ პირობებში, რომ გაურკვეველია სად უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების გადაყვანა და როგორ შეძლებენ კვებითი საჭიროების ან/ და სხვა გამოწვევების ფონზე გადარჩენას.
ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამჭვირვალობას და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას.
კერძოდ, ცხოველთა მოყვარულების, მოხალისეებისა და მიმკედლებლების ჩართულობა, მათთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს პროცესის მიმართ ნდობა და უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ცხოველის კეთილდღეობის კონტროლი.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება სისასტიკეს ან არაჰუმანურ მოპყრობას, არა მხოლოდ არღვევს ცხოველთა დაცვის კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს, არამედ აზიანებს საზოგადოების მორალურ ფუნდამენტებსაც, ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიოდ ორიენტირებული სიცოცხლის დაცვაზე, ტკივილის შემცირებაზე და პასუხისმგებლიანი, ცივილური გარემოს შექმნაზე.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ შემდეგს: 2024-2025 წლებში ქვეყანაში დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და, მეორე მხრივ, ამ ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ, იქ სადაც, დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც.
ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ინდივიდების უსაფრთხოებას არ ემსახურება. ეს არის საფუძველი ჰუმანური, პასუხისმგებლიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.