საბერძნეთში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის რამდენიმე წევრმა თანამდებობები დატოვეს.
კერძოდ, თანამდებობიდან გადადგნენ, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრი კოსტას ციარასი, სამოქალაქო დაცვის მინისტრი იანის კეფალოიანისი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრის ვარცოპულოსი.
გამომძიებლების ინფორმაციით, საქმე ეხება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღების მიზნით ფერმერებისთვის ხელშეწყობას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ ინფორმაციის გაყალბებაში.
მინისტრები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება გამოძიებისთვის ხელის შეწყობის მიზნით მიიღეს.
ამასთან, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად დაინიშნა მარგარიტის სხინასი, რომელიც ადრე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, დამნაშავეები დაისჯებიან და უკანონოდ მიღებული თანხები ბიუჯეტს დაუბრუნდება.
საქმეს იძიებს ევროკავშირის პროკურატურა, რომლის ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ნდობის ბოროტად გამოყენებას, თაღლითობასა და ყალბ დეკლარაციებს. გამოძიება ასევე მოიცავს მმართველი პარტიის, „ახალი დემოკრატიის“, სულ მცირე, 20 მოქმედ და ყოფილ წევრს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, სავარაუდო დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2018-2022 წლებში 23 მილიონი ევროს სუბსიდია მიიღო, რომლის დაახლოებით ნახევარი უკანონოდ იყო მოპოვებული.