უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში „იარაღის ექსპორტის ჯეროვნად დაწყებისთვის“ ემზადება. მისი თქმით, კიევი ახლოაღმოსავლელი პარტნიორებისთვის არა მხოლოდ ინტერცეპტორი დრონების (дрони-перехоплювачі), არამედ თავდაცვის ხაზების, პროგრამული უზრუნველყოფის, რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს.
ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაამახვილა ყურადღება.
„პარტნიორებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა... მეორე საკითხი ეხებოდა გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებებს, რომელიც თავდაცვის სისტემების ექსპორტსაც ითვალისწინებს. საუბარია ექსპორტის დაწყებაზე, ოღონდ სწორ დაწყებაზე, როდესაც ჩვენი გამოცდილება უფასოდ კი არ გაიცემა, არამედ სისტემა პარტნიორებზე რეალურ ფასად იყიდება და ეს მხოლოდ ინტერცეპტორებს არ ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ქმით, უკრაინა გეგმავს მიაწოდოს პარტნიორებს არა მხოლოდ ინტერცეპტორი დრონები, არამედ კომპლექსური თავდაცვის ხაზები, პროგრამული უზრუნველყოფა, რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემები და საზღვაო დრონები. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმებები, რომელებიც თავდაცვის სფეროს საკითხებს მოიცავს, თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან, მინიმუმ, 10-წლიან პერიოდზეა გათვლილი.
გარდა ამისა, გაფორმებულია შეთანხმებები, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ მხარდაჭერას შეეხება.
„ვფიქრობ, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი კერძო სექტორისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაში. ჩვენ ამის მხოლოდ იმედი კი არ გვაქვს, არამედ შესაბამისი შეთანხმებები უკვე არსებობს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში უკვე იმყოფება 228 უკრაინელი სპეციალისტი, რომლებიც ადგილობრივ საჰაერო თავდაცვის ძალებს ირანული მოიერიშე დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ მიიღო 11 თხოვნა ირანის მეზობელი ქვეყნებისგან, ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ისგან უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის შესახებ, რაც ირანული „შაჰედებისა“ და მსგავსი ტიპის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.
წყარეო: 1 არხი