უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ითხოვს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესაუბრა, რადგან, მისი თქმით, „ევროპაში სიტუაცია კრიტიკულია“.

„ევროპის ეკონომიკას ემუქრება ენერგიის დეფიციტი, შედეგად კი, ფასების ზრდა“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრთხე გარდაუვალია და ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა, ევროკავშირმა ნავთობისა და გაზის რეზერვები ყველა შესაძლო წყაროდან, უდიდესი მოცულობით და რაც შეიძლება სწრაფად შეავსოს.

„ყოველი დღე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, ბრიუსელმა დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები და შეზღუდვები“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უნდა აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაუყოვნებლივ გახსნას „დრუჟბას“ მილსადენი.

1tv.ge