- 4 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ცხოველთა უფლებადამცველები.
- ისინი მოითხოვენ აუქმდეს მთავრობის მიერ, თებერვალში მიღებულ განკარგულებაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ თუკი მათი სტერილიზიამდელი მიკედლების არეალი ახლოსაა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და სპორტულ მოედნებთან.
- გასულ კვირაში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად რამდენიმე კერა მოულოდნელად გაჩნდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ხელისუფლების გაუმჭვირვალე მცდელობებმა, მართოს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, უფლებადამცველები და მოქალაქეები დააეჭვა, რომ შესაძლოა ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს სასტიკად ექცეოდნენ და ხოცავდნენ მუნიციპალური სამსახურები.
მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქციები რამდენიმე კვირაა იმართება თბილისში. მათი უკმაყოფილობის ფონია სურსათის ეროვნული სააგენტოს საპილოტე პროგრამა უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სამართავად, რომელიც მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას.
შესაბამისი განკარგულება სააგენტოს ავალდებულებდა უკვე სტერილიზებული ცხოველების გარემოში დაბრუნებას, თუმცა, ცხოველმოყვარული აქტივისტების ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა, მათ ნაწილს კი, ვისაც აბრუნებდა, ჭირი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდათ.
2026 წელს, არსებული ინფორმაციით, კიდევ 36,000+ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება.