შარლ დე გოლის მესამე ქალიშვილი, სახელად ანა, დაუნის სინდრომით დაიბადა...
მაშინ "მისნაირი" ბავშვების გამოჩენა სირცხვილად მიაჩნდათ მაღალ საზოგადოებაში და ბევრმა ოჯახმა დამალა შვილები ინსტიტუციებში, რათა რეპუტაცია არ შელახვოდათ.
მაგრამ საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე და მისი მეუღლე ივონი სხვა ადამიანებს არ ჰგავდნენ.
მათ უარი თქვეს ანას გაშვებაზე და გადაწყვიტეს, გაეზარდათ მხიარულებით სავსე სახლში საკუთარ და-ძმასთან ერთად.

ცნობილი გენერალი, რომელიც მკაცრი პოლიტიკოსი გახლდათ, ძალიან გულჩვილი და ბედნიერი მამა იყო ანასი. საკუთარი ქალიშვილისადმი მისმა სიყვარულმა, საფრანგეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება შეცვალა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ.
ცოლ-ქმარ დე გოლებს უკვე ორი შვილი, ფილიპი და ელიზაბეთი ჰყავდათ, როდესაც 1928 წლის პირველ იანვარს მათი ქალიშვილი ანნა გაჩნდა. როდესაც დე გოლს დაურეკეს, რომ მეუღლესთან შესულიყო, ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. „ბავშვი ცოცხალია?“,- ჰკითხა მან მედდას. მედდამ კი ჩუმად გაუწოდა საბანში გახვეული ჩვილი. შარლმა დიდი სიფრთხილით აიყვანა ქალიშვილი ხელში და თვალებით მეუღლეს გახედა.
„ჩვენ მას ანას დავარქმევთ“, - თქვა დე გოლმა.
პირველი დიაგნოზი, რაც დე გოლების ოჯახმა ექიმებისგან მოისმინა, ასე ჟღერდა: „მკურნალობა შეუძლებელია, გოგონა ვერასდროს შეძლებს სამიოდე სიტყვის თქმასაც, ვერ შეძლებს ჭამას დახმარების გარეშე. მხედველობის დაქვეითების გამო, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლასაც ვერ შეძლებს“.
ანამდე არასდროს არავის უნახავს შარლი მომღიმარი. გენერალი ასე არასდროს იქცეოდა უფროს ვაჟთან, ფილიპთან და არც შუათანა ქალიშვილთან, ელიზაბეტთან. პატარა ანას კი, ის ხან საბავშვო სიმღერას და ხანაც სამხედრო მარშს უმღეროდა.
„როგორც კი ანას ტირილს გაიგონებდა, იმ წამს ანებებდა საქმეს თავს და მასთან მიიჩქაროდა, იყვანდა ხელში და არწევდა. ის უმღეროდა. შარლ დე გოლი სრულიად სხვა ადამიანი გახდა“. – წერდა მისი ბიოგრაფი.
მაშინ, როცა მსოფლიო მკაცრ და ქვის სახიან გენერალს ხედავდა, ანამ მუხლებზე მდგარი მამა დაინახა.
მისი ჯარისკაცები დე გოლში რკინის კაცს ხედავდნენ, ანასთვის კი სიმღერების, ცეკვის და ლამაზი ამბების მთხრობელი მამა იყო.
ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მისი ღიმილი მაბედნიერებს, ის ჩემი სიცოცხლეა და არასოდეს აღვიქვავ მას ტვირთადო - წერდა დე გოლი.
არაფერს ამბობდა დანარჩენ ქალ-ვაჟზე, რომელნიც "სრულყოფილები" ჰყავდა.
სამხედრო ნაწილში წასვლის წინ შარლი, პირველ რიგში, ქალიშვილის ოთახში მიდიოდა, მას კალთაში ისვამდა, კოცნიდა და მის ჩაცმულობას აქებდა. გოგონას მისი თავსაბურავით თამაში უყვარდა და მამის ხელებში დაძინებაც. ამბობენ, რომ ერთადერთი სიტყვა, რასაც ანა გამოკვეთილად ამბობდა, ეს იყო „მამა“. დიასახლისი, რომელიც მათ სახლში მუშაობდა, ხედავდა, თუ როგორც დაღოღავდა იატაკზე გენერალი ქალიშვილთან თამაშისას.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მამის ყურადღებამოკლებულმა ანამ მოთმინება დაკარგა.
მას არ აინტერესებდა ომი, პოლიტიკა, საზღვრები.
მას მხოლოდ მამა ადარდებდა.

ომის დასრულების შემდეგ, დე გოლმა და მისმა მეუღლემ დააარსეს ანა დე გოლის სახელობის ფონდი გოგონებისთვის, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ. იმ ბავშვების, რომლებიც საკუთარმა ოჯახებმა მიატოვეს... მათ სურდათ, ყველას ჰქონოდა ღირსეული გარემო ისე, როგორც ანას. ეს ფონდი დღესაც ფუნქციონირებს.
საბედისწეროდ, ანას დრო დედამიწაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯერ გრიპით დაავადდა, რასაც შემდეგ ბრონქების და ფილტვების ანთება დაერთო.
1948 წელს, მის მეოცე დაბადების დღეზე გოგონა გარდაიცვალა.
"ის ახლა ყველა სხვა ქალივითაა!" - ჩაიჩურჩულა გენერალმა.
გულისხმობდა იმას, რომ ანა სამუდამოდ გათავისუფლდა მიწიერი საზღვრებისგან და სამყაროს მკაცრი განსჯისგან.
გენერალი მანქანის სალონში ჩასმულ ჩარჩოში ატარებდა შვილის სურათს.
ერთხელ, როდესაც მისი მანქანა ჩაცხრილეს ერთი ტყვია ანას ფოტოს მოხვდა.
მან შემზარავი ხმით დაიძახა: ჩემმა ქალიშვილმა იქიდანაც დამიცვა, მან დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინაო.
ჭეშმარიტი სიდიადე დიდ ბრძოლებში გამარჯვებით არ გამოიხატება.
არამედ იმით, როგორ ვექცევით მათ, ვისაც სანაცვლოდ არაფრის მოცემა შეუძლიათ.