"გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში დებატებისას განაცხადა, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის თემას ეხება.
პრემიერის თქმით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.
„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.
"მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს.
იმპორტი მზარდია. რომ ავიღოთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშრებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ექსპორტს, პრემიერის თქმით, შესაძლებელია, ქვეყნიდან 7-ჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.
„ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი, გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და 7-ჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადად ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.