საფრანგეთის პატარა სოფელ რიკვირში, რომელიც ქვეყნის ულამაზეს სოფლებს შორისაა დასახელებული, „სიჩუმის ქუჩა“ შეიქმნა. ახალი სივრცე ადგილობრივ მცხოვრებლებს ტურისტების ხმაურისა და ხალხმრავლობისგან დასვენებაში დაეხმარება.
ელზასის რეგიონში მდებარე რიკვირი მთელი წლის განმავლობაში პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. შემოდგომაზე სტუმრებს ადგილობრივი ახალგაზრდა ღვინო იზიდავს, ზაფხულში ტურისტები სოფლის ძველ ქუჩებში სეირნობენ, გაზაფხულზე კი აყვავებული ვაშლისა და ალუბლის ბაღების ნახვაა შესაძლებელი.
რიკვირი განსაკუთრებით ცნობილია საშობაო ბაზრობით. მთლიანობაში სოფელს ყოველწლიურად დაახლოებით 450 ათასი ტურისტი სტუმრობს.
რიკვირის მერმა დანიელ კლაკმა ქუჩაზე მშვიდი ზონის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა. მართალია, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ტერიტორიაზე დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები და კედლებზე გაჩნდა წარწერები, რომლებიც ტურისტებს ხმაურისგან თავის შეკავებისა და ადგილობრივთა სიმშვიდის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„სიჩუმის ქუჩით“ სარგებლობა მხოლოდ იქ მცხოვრებ ადამიანებს არ შეეძლებათ. პატარა სკვერებსა და კაფეებთან დამატებითი სკამები და მაგიდები განთავსდა, სადაც ადგილობრივები შეძლებენ დაისვენონ და მეზობლებთან მშვიდ გარემოში ისაუბრონ.
სოფლის ხელისუფლებამ ქუჩებში ხალხმრავლობისა და ქაოსის შესამცირებლად სხვა ზომებიც მიიღო. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ საშობაო ბაზრობის რეკლამირება შეწყვიტა და სოფელში მოძრაობის სქემა შეცვალა, რათა გზებზე ავტომობილების რაოდენობა შემცირებულიყო.
რიკვირი საფრანგეთში ერთადერთი დასახლება არ არის, რომელიც მასობრივი ტურიზმით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ცდილობს.
ზოგიერთ ფრანგულ ქალაქში გვიან საათებში ქვაფენილზე ბორბლებიანი ჩემოდნების გადაადგილება აკრძალეს. სხვა ქალაქებში კი ტურისტული საცხოვრებლების წესები გაამკაცრეს და Airbnb-ის მსგავსი პლატფორმების მეშვეობით ბინების მოკლევადიანი გაქირავება შეზღუდეს.
მსგავსი ზომები ევროპის სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებშიც მოქმედებს. მაგალითად, დუბროვნიკში ღამის საათებში ქვაფენილზე ხმაურიანი, ბორბლებიანი ჩემოდნების გადაადგილება შეზღუდეს, ხოლო მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვები და შეზღუდვები ევროპის არაერთ ქალაქშია დაწესებული.
https://euro-pulse.ru/news/v-populyarnoj-u-turistov-franczuzskoj-derevne-poyavilas-ulicza-tishiny/