კიევი, დასავლეთი და ქართველი რადიკალები სამხრეთ კავკასიაში თბილისის ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს.
ანუ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დასავლეთი, კიევი და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალ დაპირისპირებაში ჩაითრიონ.
განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
უწყების განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ საჭიროა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავება და ხელმოწერა თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის.
მოსკოვი კვლავ საუბრობს საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობაზეც.
„აღნიშნული ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩაითრიონ“, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს. რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ აღიარებს.