ევროპელთა თითქმის 60% გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს — ამის შესახებ Eurobarometer-ის ახალი კვლევა მიუთითებს. ათიდან დაახლოებით ოთხი ადამიანი AI-ის ინსტრუმენტებს კვირაში ერთხელ მაინც მიმართავს, ხოლო მათგან თითქმის 70%-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კიდევ უფრო გაახშირა.

პირადი მიზნებისთვის AI-ს ყველაზე ხშირად ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ — ეს გამოკითხულ მომხმარებელთა 47%-მა დაასახელა. 40% ჩატბოტებს რჩევებისთვის მიმართავს, მაგალითად, კვების გეგმის შესადგენად, სხვადასხვა საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ძილის წინ წასაკითხი ზღაპრის შესაქმნელად. მომხმარებელთა 27% კი ხელოვნურ ინტელექტს თარგმნისთვის იყენებს.

ყოველი მეექვსე ევროპელი AI-ის შესაძლებლობებს მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებს. 35 წლამდე ასაკის ადამიანებში კი 46%-ს ან უკვე გამოუყენებია ხელოვნური ინტელექტი ამ მიზნით, ან მზად არის სცადოს.

სამსახურში AI-ს ყველაზე ხშირად იდეების გენერირების, ინფორმაციის მოძიებისა და ტექსტების მოკლე შეჯამებების მოსამზადებლად მიმართავენ — ასე იქცევა მომხმარებელთა 40%. 35% ხელოვნურ ინტელექტს ტექსტების დასაწერად და რედაქტირებისთვის იყენებს, ხოლო 30% — თარგმნისთვის.

ჩატბოტებს განსაკუთრებით აქტიურად ახალგაზრდა ევროპელები იყენებენ. ევროკავშირის ქვეყნებში 16-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობის 64% ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობს, მაშინ როდესაც 55-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ია.

ამასთან, ევროპელთა 80% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელოვნური ინტელექტის განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, მაშინაც კი, თუ ეს დეველოპერებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს გამოიწვევს.

კიდევ უფრო მაღალია მხარდაჭერა ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით — ევროკავშირის მოსახლეობის 92% კონფიდენციალურობის დაცვას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს და ასევე 92% განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვების ინტერნეტში დაცვას ანიჭებს.

შედარებისთვის, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთში მოსახლეობის 23%-მა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურად იყენებს.

https://euro-pulse.ru/news/bolshinstvo-evropejczev-ispolzuyut-ii-ne-na-rabote-a-v-povsednevnoj-zhizni/