ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამხედროებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ქართული მხარის მოქმედებები არაპროვოცირებული იყო.
განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს ევროკავშირის ეგიდით შექმნილი, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო მისიის ანგარიშზე და აცხადებს, რომ დოკუმენტი ომის დაწყებასთან დაკავშირებით მის პოზიციას ადასტურებს. ამასთან, ტალიავინის კომისიის ანგარიში კონფლიქტის წინაპირობებსა და მონაწილე მხარეების მოქმედებებს გაცილებით ფართო კონტექსტში განიხილავდა და პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ მხარეს არ უკავშირებდა.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მზად არის ხელი შეუწყოს რეგიონში მოლაპარაკებებსა და ნდობის აღდგენას. მოსკოვი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ და იმედოვნებს, რომ ამას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება.
საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს. რუსეთმა მათი ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.