კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები პოლონეთმა უსაფრთხოების მაღალი დონის მქონე გასაიდუმლოებულ საცავში გააგზავნა, რომელიც შპიცბერგენის (ნორვეგია) არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ქვანახშირის მიტოვებულ მაღაროში მდებარეობს.

ვარშავაში მდებარე ფრედერიკ შოპენის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები განთავსდება შპიცბერგენის არქიპელაგზე, ლონგიერბიენში არსებულ „არქტიკის მსოფლიო არქივში“ - დაწესებულებაში, რომელსაც ზოგჯერ „სამყაროს აღსასრულის ბიბლიოთეკასაც“ უწოდებენ, რადგან ის კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერების არქტიკის ბუნებრივად სტაბილურ პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესანახად შეიქმნა.

ციფრული ასლები გადაცემის ცერემონიაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დროს, პიანისტ კშიშტოფ ვერჩინსკის მიერ შესრულდა შოპენის ნაწარმოებები.

ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარცინ კონიკის თქმით, ეს დეპოზიტი წარმოადგენს გაციფრულებისა და გრძელვადიანი შენახვის გზით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს.

„პოლონეთი უერთდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ყოველმხრივ იცავენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას დიგიტალიზაციისა და გრძელვადიანი დაარქივების მეშვეობით“, - აღნიშნა მან.

2017 წელს გახსნილი არქივი მდებარეობს მიწისქვეშ, გაუქმებულ მაღაროში, შპიცბერგენის მცენარეთა თესლების გლობალური საცავის მახლობლად, რომელიც მცენარეთა თესლების მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სარეზერვო საცავს წარმოადგენს.

შპიცბერშგენის შესახებ 1920 წლის ხელშეკრულება არქიპელაგს დემილიტარიზებულ ტერიტორიად აცხადებს, რასაც ექსპერტები უსაფრთხოების დამატებით გარანტიად მიიჩნევენ.

არქივის როლი განსაკუთრებით არის გაზრდილი ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, როდესაც სულ უფრო მეტი კულტურული ინსტიტუტი და ორგანიზაცია ეძებს ალტერნატიულ ადგილებს, რათა უარესი სცენარის შემთხვევაში, დანაკარგებისგან დაიცვას თავი.

ლონგიერბიენი არის მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლება, რომელიც შპიცბერგენის არქიპელაგში შემავალ ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობსPhoto: Bjørn Christian Tørrissen, CC BY-SA 4.0 , via Wikimedia Commons

ეს იქნება პოლონური ინსტიტუტის მეორე დეპოზიტი „არქტიკის მსოფლიო არქივში“.

2024 წელს, არქტიკაში მან უკვე გაგზავნა ვარშავის ფრედერიკ შოპენის მუზეუმიდან შერჩეული შოპენის მუსიკალური ხელნაწერების ციფრული ასლები და ნობელის პრემიის ლაურეატების, ვისლავა შიმბორსკასა და ოლგა ტოკარჩუკის ნამუშევრები.

ამჯერად ინსტიტუტმა შესანახად წარადგინა შოპენის ხელნაწერების დარჩენილი ციფრული ასლები, ასევე კომპოზიტორის მიმოწერა, რომელთა დედნები ფრედერიკ შოპენის მუზეუმში ინახება.

ფაილები ინახება piqlFilm-ზე - ოპტიკური ფირის მასალაზე, რომელიც გრძელვადიანი დაარქივებისთვის არის შექმნილი.

ეს არის მიკროფილმის უახლესი ფორმა, რომელიც ინახავს მონაცემებს როგორც ციფრულ, ისე ადამიანისთვის წაკითხვად ვიზუალურ ფორმატებში და მიზნად ისახავს ჩანაწერების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი ტექნოლოგიები მოძველდება.

წყარო: dzieje.pl;   1 არხი