შენგენის შეთანხმების 40 წლის აღსანიშნავად, ევროკომისია წელს ახალგაზრდებს 40 000-ზე მეტ უფასო ბილეთს გადასცემს.

სამოგზაურო ბილეთების გარდა, ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს, რომლებიც უამრავ შეღავათს ითვალისწინებს კულტურულ ღონისძიებებზე, განთავსებაზე, ადგილობრივ ტრანსპორტზე, კვებასა და სხვა სერვისებზე. ეს ინიციატივა DiscoverEU-ის პროგრამა „ერასმუს პლუსის“ ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, კონტინენტის მრავალფეროვნების გასაცნობად, უფასოდ იმოგზაურონ ევროპაში. მგზავრობა, ძირითადად, მატარებლით ხდება.

წლევანდელი პროგრამა ასევე მოიცავს საინფორმაციო სესიებს ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 2026 წლის ივლისში ლიონში (საფრანგეთი), ევროპის ახალგაზრდობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომლის დროსაც მთავარი აქცენტი სოლიდარობასა და სამართლიანობაზე გაკეთდება. ლიონში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მოგზაური შეიკრიბება.

ევროკომისარი თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხებში, გლენ მიკალეფი ამბობს:

„DiscoverEU ათასობით ახალგაზრდა ევროპელს აძლევს შესაძლებლობას, დაათვალიერონ ჩვენი კონტინენტი, გაიცნონ ახალი ადამიანები და საკუთარი თვალით ნახონ თავისუფალი გადაადგილების უპირატესობები. ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც შენგენის შეთანხმების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ის შეგვახსენებს - მობილობა არის უფლება, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ და რომელიც ჩვენი საერთო ევროპული იდენტობის ქვაკუთხედია“.

უფასო მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 2007 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ისე პროგრამა „ერასმუს+“-თან ასოცირებული ქვეყნებიდან (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი). სულ შევიდა 246 782 განაცხადი, საიდანაც დახლოებით 40 ათასი მონაწილე შეირჩა. 2018 წლიდან დღემდე, 431 931 უფასო სამოგზაურო ბილეთზე განაცხადი 1.9 მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა.

წყარო: 1 არხი